18.12.2025 19:49
უკრაინის პრეზიდენტი აცნობიერებს აშშ-ის მიერ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზის ბლოკადას, თუმცა ალიანსში გაწევრიანების კონსტიტუციური კურსის შეცვლას აუცილებლად არ მიიჩნევს, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკული სკეპტიციზმი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროიდან იღებს სათავეს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მან „პირდაპირ ჰკითხა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბაიდენს, შეეძლო თუ არა უკრაინას ნატო-ში გაწევრიანება".
„ეს ჯერ კიდევ ომამდე იყო. პრეზიდენტმა ბაიდენმა მითხრა: არა, თქვენ ნატო-ში არ იქნებითო. ამ კითხვას ყოველ ჯერზე ვუბრუნდებოდი და ეს თეთრ სახლში ვიღაცის ღიმილს იწვევდა", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, მას უნდა უთხრან, რეალურად, ვინ არის ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების წინააღმდეგი.
„ვერ ვხვდები, როცა მეუბნებიან: „ჩვენ პრინციპულად წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ თქვენ ნატო-ში არ გაწევრიანდებით". ეს ნიშნავს, რომ ვიღაც წინააღმდეგია. გულწრფელად უნდა ითქვას, ვინ არის ამის წინააღმდეგი", - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, როგორც უკრაინული მედია წერს, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შესაძლოა, აშშ-მა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მომავალში პოზიცია შეიცვალოს.
„აშშ-ის ნატო-ში უკრაინის მიმართ თანმიმდევრული პოლიტიკა აქვს - ჩვენ იქ ჯერჯერობით ვერ გვხედავენ. ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი „ჯერჯერობით" არის. შესაძლოა, მომავალში პოზიცია შეიცვალოს. ვინ მიხვდება, რომ უკრაინის არმია ნატო-ს აძლიერებს და არა პირიქით? ეს პოლიტიკის საკითხია. მსოფლიო იცვლება. ვინ ცოცხლობს, ვინ კვდება", - აღნიშნა ზელენსკიმ.
ავტორ(ებ)ი :