,, ჩვენ რუსეთზე ძლიერები ვართ''- მარკ რუტე 21.12.2025 21:59

 

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არის იმის მთავარი მიზეზი, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დღემდე გრძელდება.

კითხვაზე, თუ რატომ არის რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება ასეთი რთული, რუტემ აღნიშნა, რომ მიზეზი პუტინია.

როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა „ბილდთან" ინტერვიუში განაცხადა, რუსეთის ლიდერი მზადაა, საკუთარი ხალხი, მილიონზე მეტი ადამიანი მნიშვნელოვანი სამხედრო გამარჯვების მიღწევის გარეშე გაწიროს.

„წელს მან მხოლოდ მცირე პროგრესს მიაღწია - მინიმალური ტერიტორიული მიღწევები, წლის დასაწყისთან შედარებით, უკრაინის ტერიტორიის ერთ პროცენტზე ნაკლები. ჩვენი შეფასებით, რუსეთის მხრიდან 1.1 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა ან დაიჭრა. ეს საშინელებაა, მაგრამ ეს არის სიტუაცია, რომელთანაც ჩვენ გვაქვს საქმე", - განაცხადა მარკ რუტემ.

ამასთან, ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ხელისუფლებაში იანვარში მოვიდა და რომლის მოსვლაც ომის დასრულების დიდ იმედებთან იყო დაკავშირებული, „აბსოლუტურად ერთგულია ამ საკითხის მიმართ".

„ის ამ ომის დასრულებაზეა ორიენტირებული. ის ერთადერთია, ვინც პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმა შეძლო და ერთადერთია, ვისაც საბოლოოდ შეუძლია, მას მშვიდობის დამყარება აიძულოს. ამის გამო მას დიდ პატივს ვცემ", - განაცხადა მარკ რუტემ.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, პუტინმა უნდა გაიგოს, რომ კიდევ ერთ თავდასხმას მისთვის დამანგრეველი შედეგები მოჰყვება. მისივე თქმით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიზანი სწორედ იმის უზრუნველყოფაა, რომ უკრაინაზე თავდასხმა არასდროს მოხდეს.

გარდა ამისა, მარკ რუტე მიიჩნევს, რომ თუ საქმე სერიოზულად წარიმართება, ევროპაში ახალგაზრდები იარაღს აიღებენ.

„ეჭვი არ მეპარება: როდესაც საქმე სერიოზულად წარიმართება, ახალგაზრდები მზად იქნებიან, იარაღი აიღონ. პუტინს 140 მილიონი ადამიანი ჰყავს. ნატო-ს ქვეყნებს ერთად კი დაახლოებით ერთი მილიარდი. ჩვენ ახლა ყველანაირად ძლიერები ვართ რუსეთზე", - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ