24.12.2025 19:13
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ყოფილი ევროკომისრის, ტიერი ბრეტონისა და კიდევ ოთხი ევროპელისთვის სავიზო შეზღუდვის დაწესებას ეხმაურება.
მისი თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილება მიუღებელია და ევროკავშირის სუვერენიტეტის გამოწვევის მცდელობაა.
„აშშ-ის გადაწყვეტილება, დააწესოს ევროპის მოქალაქეებისა და თანამდებობის პირებისთვის მოგზაურობის შეზღუდვები, მიუღებელია და ჩვენი სუვერენიტეტის გამოწვევის მცდელობაა. ევროპა გააგრძელებს თავისი ღირებულებების დაცვას - გამოხატვის თავისუფლებას, სამართლიან ციფრულ წესებს და საკუთარი სივრცის რეგულირების უფლებას", - წერს ის.
ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ში შესვლა აუკრძალა ხუთ პირს, რომლებიც ამერიკულ ონლაინ პლატფორმებზე მასალების ცენზურას ახდენდნენ, ერთ-ერთი მათგანი ყოფილი ევროკომისარი ტიერი ბრეტონია.
აშშ-ის მიერ სავიზო შეზღუდვის დაწესებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკომისიამ, რომელშიც ნათქვამია: „აშშ-ის ხელისუფლებისგან განმარტებები მოვითხოვეთ. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ გადამწყვეტი პასუხისთვის, რათა ჩვენი მარეგულირებელი ავტონომია გაუმართლებელი ზომებისგან დავიცვათ".
ავტორ(ებ)ი :