26.12.2025 09:53
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს" საველე პოზიციები დაბომბა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სამხედრო ოპერაციაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების აფრიკული სარდლობა მონაწილეობდა.
დაბომბვას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რომელმაც „ისლამურ სახელმწიფოს" „ტერორისტი ნაძირალები" უწოდა და მათ ნიგერიაში უდანაშაულო ქრისტიანების მკვლელობაში დასდო ბრალი.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინფორმაციით, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა „მძლავრი და სასიკვდილო“ დარტყმები მიიტანეს ნიგერიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ „თრუს სოშიალში“ დაწერა.
მისი თქმით, აშშ-მა დარტყმები მიიტანა ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ტერორისტული დაჯგუფების კუთვნილ ინფრასტრუქტურაზე. ტრამპის თქმით, ნიგერიაში მოქმედი ტერორისტები „მრავალი წლის, თუ არა ასწლეულების განმავლობაში, სასტიკად ხოცავდნენ ხალხს და პირველ რიგში უდანაშაულო ქრისტიანებს“.
„მანამდე მე ვაფრთხილებდი ამ ტერორისტებს, რომ თუ ისინი არ შეაჩერებენ ხოცვა-ჟლეტას, მათ მოუწევთ ძვირი საფასურის გადახდა, და დღეს საღამოს ეს მოხდა“,- წერს დონალდ ტრამპი.
ტრამპის განცხადებით, მისი ხელმძღვანელობის პირობებში, „აშშ რადიკალური ისლამის აყვავებას არ დაუშვებს.“
ნიგერიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იუსუფ მაიტამა ტუგარმა BBC-ის განუცხადა, რომ ეს იყო ერთობლივი ოპერაცია. მან არ დააკონკრეტა, იგეგმება თუ არა საჰაერო დარტყმების ახალი სერია. როგორც ნიგერიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ორივე ქვეყნის ხელისუფლება.
ავტორ(ებ)ი :