30.12.2025 18:45
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დონბასთან დაკავშირებით კომპრომისულ გადაწყვეტილებად მიიჩნევს თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას განსაკუთრებული წესებით.
რეგიონიდან უკრაინული ჯარების გაყვანის აღნიშნული პირობა მან ამერიკულ ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში გააჟღერა.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას არ შეუძლია უარი თქვას თავის ტერიტორიებზე რუსეთთან ომის მოსაგვარებლად, რადგან ეს ეწინააღმდეგება ქვეყნის კანონებს, საზოგადოების პოზიციასა და ადგილზე არსებულ რეალურ ვითარებას.
„ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ დავთმოთ ჩვენი ტერიტორიები. ეს ჩვენი კანონმდებლობის ფარგლებს სცდება. საქმე მხოლოდ კანონს არ ეხება - იქ ადამიანები ცხოვრობენ, იქ ჩვენი ჯარი დგას", - განაცხადა მან ინტერვიუში.
ზელენსკიმ აღიარა, რომ ტერიტორიების საკითხი სამშვიდობო მოლაპარაკებებში ყველაზე რთულ თემად რჩება.
მისი თქმით, ეს არის ერთადერთი პუნქტი, სადაც კიევისა და მოსკოვის პოზიციები არსებითად განსხვავდება.
ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიებზე დღემდე 300 ათასამდე უკრაინელი ცხოვრობს, რომელთაგან ბევრი რუსული აგრესიისა და საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზარალდა.
„ყველას სურს მშვიდობა, თუმცა არა ნებისმიერ ფასად. რეფერენდუმი ტერიტორიების დათმობის შესახებ უკრაინისთვის დადებითი შედეგის მომტანი არ იქნება", - განაცხადა მან.
ზელენსკი მიიჩნევს, რომ ტერიტორიების დათმობის თაობაზე რეფერენდუმს უკრაინული საზოგადოება მხარს არ დაუჭერს.
უკრაინის პრეზიდენტმა დონბასთან დაკავშირებით „რეალურ კომპრომისს" თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა უწოდა.
„თუ ჩვენ რამდენიმე კილომეტრით უკან ვიხევთ, მაშინ რუსეთმაც უნდა გადადგას სარკისებრი ნაბიჯები და ასევე რამდენიმე კილომეტრით დაწიოს ძალები. ასეთ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში განსაკუთრებული წესები იმოქმედებს", - დასძინა მან.
ავტორ(ებ)ი :