05.01.2026 20:48
საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ შეერთებულმა შტატებმა ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ თავი ერთგვარ „უზენაეს მსაჯულად" წარმოაჩინოს, - ეს განცხადება გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა.
„შეერთებულ შტატებს არ უნდა მიეცეს უფლება, თავი წარმოაჩინოს, როგორც ერთგვარი უზენაესი მსაჯული, ერთადერთი უფლებამოსილი პირი, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში შეიჭრება, განსაზღვრავს დამნაშავეებს, აწესებს სასჯელს და აღასრულებს მას, საერთაშორისო იურისდიქციის, სუვერენიტეტისა და ჩაურევლობის კონცეფციების მიუხედავად", - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
მისივე თქმით, აშშ ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციით ნეოკოლონიალიზმს აძლევს ბიძგს.
„განსაკუთრებით თვალშისაცემია უპრეცედენტო ცინიზმი, რომლითაც ვაშინგტონს არც კი უცდია, შენიღბოს თავისი დანაშაულებრივი ოპერაციის ნამდვილი მიზნები - ვენესუელას ბუნებრივ რესურსებზე შეუზღუდავი კონტროლის დამყარება და ლათინურ ამერიკაში თავისი ჰეგემონიური ამბიციების განმტკიცება. ამგვარად, ვაშინგტონი ახალ იმპულსს აძლევს ნეოკოლონიალიზმსა და იმპერიალიზმს, რომლებიც არაერთხელ და გადამწყვეტად უარყვეს ამ რეგიონის და მთლიანად გლობალური სამხრეთის ხალხებმა", - განაცხადა ნებეზნიამ.
ავტორ(ებ)ი :