07.01.2026 13:41
რუსეთმა სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები გააგზავნა ნავთობის ტანკერის გასაცილებლად, რომლის დევნასაც ატლანტის ოკეანეში აშშ-ის ძალები ახორციელებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი" ავრცელებს.
გემი, რომელსაც ამჟამად ტვირთი არ გადააქვს, ადრე ვენესუელური ნავთობის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებოდა და შოტლანდიასა და ისლანდიას შორის იმყოფებოდა.
ცნობისთვის, როგორც გასულ თვეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, უნდა მოხდეს იმ ნავთობის ტანკერების „ბლოკადა", რომლებიც ვენესუელისკენ მიემართებიან ან ტოვებენ მას.
2025 წლის დეკემბერში აშშ-ის სანაპირო დაცვამ კარიბის ზღვაში სცადა ტანკერ Bella 1-ის დაკავება, რომელიც ვენესუელისკენ მიემართებოდა. მას აშშ-ის სანქციების დარღვევასა და ირანული ნავთობის გადაზიდვაში ადანაშაულებდნენ. ამის შემდეგ ტანკერმა მკვეთრად შეცვალა კურსი, ასევე გადაირქვა სახელწოდება Marinera და, როგორც იუწყებიან, გაიანას დროშის ნაცვლად, რუსეთის დროშაზე დარეგისტრირდა.
რუსეთმა განაცხადა, რომ გემის გარშემო განვითარებულ ვითარებას „შეშფოთებით აკვირდება".
ამერიკელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, აშშ-ის ძალები გეგმავს გემის ბორტზე ასვლას, ვაშინგტონი ამჯობინებს მის დაკავებას, ვიდრე ჩაძირვას.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობამ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა განცხადება, რომ „მზად რჩება, მხარი დაუჭიროს აშშ-ის პარტნიორ სამთავრობო უწყებებს სანქციების ქვეშ მყოფი გემებისა და მონაწილეების წინააღმდეგ მოქმედებაში, რომლებიც ამ რეგიონში გადაადგილდებიან".
ავტორ(ებ)ი :