"ჩვენ შეგვიძლია, აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს გაყინული რუსული აქტივებიდან ერთი მილიარდი დოლარი "მშვიდობის საბჭოსთვის" გადავიტანოთ-პუტინი 22.01.2026 09:52

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, „მშვიდობის საბჭოში" გაწევრიანების შესახებ პასუხს მხოლოდ მას შემდეგ დააფიქსირებს, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრო მიღებულ დოკუმენტებს შეისწავლის და სტრატეგიულ პარტნიორებთან გაივლის კონსულტაციებს.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, შეისწავლოს მიღებული დოკუმენტები, გაიაროს კონსულტაციები ამ საკითხზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ, პასუხი გავცეთ გამოგზავნილ მოწვევას", - აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განმარტებით, „მშვიდობის საბჭო" პირველ რიგში ეხება ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობის დარეგულირებას, პალესტინელი ხალხის პრობლემების გადაჭრის გზების ძიებასა და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობის საკითხების მოგვარებას.

როგორც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რუსეთს შეუძლია, აშშ-ში გაყინული რუსული აქტივებიდან ერთი მილიარდ დოლარი „მშვიდობის საბჭოს" გადასცეს.

„პალესტინელ ხალხთან რუსეთის განსაკუთრებული ურთიერთობის გათვალისწინებით, მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია, აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს გაყინული რუსული აქტივებიდან ერთი მილიარდი დოლარი „მშვიდობის საბჭოსთვის" გადავიტანოთ. შეერთებულ შტატებში ჩვენი გაყინული აქტივებიდან დარჩენილი თანხები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბრძოლის შედეგად დაზიანებული ტერიტორიების აღსადგენად რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ", - აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ში გაყინული რუსული აქტივების გამოყენების ასეთი შესაძლებლობა ასევე განიხილება აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ინიციატივაა, რომ ე.წ. მშვიდობის საბჭო გაერო-ს ალტერნატივად იქცეს. ტრამპის „მშვიდობის საბჭოში" გაწევრიანებას რამდენიმე ქვეყანა დათანხმდა, მათ შორის ბელარუსი, აზერბაიჯანი, უნგრეთი და ისრაელი.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ