აშშ-მა ნიკოლას მადუროს დასაკავებლად ახალი საიდუმლო იარაღი - The Discombobulator-ი გამოიყენა - დონალდ ტრამპი 25.01.2026 00:55

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის ავტორიტარი ლიდერის, ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციის დროს ახალი საიდუმლო იარაღი გამოიყენა.

ტრამპმა New York Post-თან ინტერვიუში საიდუმლო იარაღს „დისკომბობულატორი" (discombobulator) უწოდა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ საიდუმლო იარაღმა მადუროს დაცვის „აღჭურვილობა დააზიანა", როდესაც ამერიკული ვერტმფრენები 3 იანვარს კარაკასში ჩაფრინდნენ ვენესეულის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის დასაპატიმრებლად.

„დისკომბობულატორი. მე არ მაქვს უფლება, ამაზე ვისაუბრო", - თქვა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში და აღნიშნა, რომ მას ძალიან სურს, მეტი გაამხილოს იარაღის შესახებ.

როგორც მედია წერს, სავარაუდოდ, ტრამპი გულისხმობს მოწყობილობას, რომელსაც შეუძლია სხვა სისტემების „დაბნევა" ან წყობიდან გამოყვანა.

„მათ არ შეეძლოთ რაკეტების გაშვება. მათ ჰქონდათ რუსული და ჩინური რაკეტები და არცერთი მათგანი არ აფრინდა. ჩვენ შევედით, მათ ღილაკებს დააჭირეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. და ისინი გველოდებოდნენ, სრულად მომზადებულები", - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მედიის ცნობით, ეს ცნობები ემთხვევა ვენესუელაში მომხდარს, სადაც, წყაროების ინფორმაციით, მადუროს შეიარაღებული მხარდამჭერები მუხლებზე დაეცნენ და ცხვირიდან სისხლდენა დაეწყოთ.

„უეცრად ჩვენი ყველა სარადარო სისტემა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაითიშა. შემდეგი, რაც დავინახეთ, იყო დრონები, ბევრი დრონი, რომლებიც ჩვენი პოზიციების თავზე დაფრინავდნენ. არ ვიცოდით, როგორ გვემოქმედა", - განაცხადა მადუროს დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ