25.01.2026 11:41
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მინეაპოლისში მომხდარ მკვლელობაში ბრალეულობას ქალაქი მერს და მინესოტის გუბერნატორს აკისრებს და მათ „აჯანყების წაქეზებაში" ადანაშაულებს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა გააზიარა პისტოლეტის ფოტო, რომელიც, ფედერალური ოფიციალური პირების თქმით, ეჭვმიტანილს ჰქონდა.
„ეს არის მსროლელის იარაღი, დატენილი (ორი დამატებითი სავსე მჭიდით!) და მზადაა გამოსაყენებლად - რა არის ეს ყველაფერი? სად არის ადგილობრივი პოლიცია? რატომ არ მიეცათ მათ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) თანამშრომლების დაცვის უფლება? მერმა და გუბერნატორმა გააუქმეს ისინი? ნათქვამია, რომ ამ პოლიციელთაგან ბევრს არ მიეცა თავისი სამუშაოს შესრულების უფლება, რომ ICE-ს მოუწია საკუთარი თავის დაცვა - ეს ადვილი საქმე არ არის!"- წერს ტრამპი.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის თანამშრომლებს საშუალება არ ეძლევათ, თავიანთი საქმე აკეთონ.
„ის, რასაც თქვენ ხედავთ, ძირითადად ამ ქურდობისა და თაღლითობის დაფარვაა. მერი და გუბერნატორი თავიანთი პომპეზური, საშიში და ამპარტავნული რიტორიკით აჯანყებას აქეზებენ! ამის ნაცვლად, ამ ფარისეველმა პოლიტიკურმა სულელებმა უნდა ეძებონ მილიარდობით დოლარი, რომელიც მინესოტის და ამერიკის შეერთებული შტატების ხალხს მოჰპარეს. მიეცით ჩვენს ICE-ის პატრიოტებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე! 12 000 არალეგალი უცხოელი დამნაშავე, რომელთაგან ბევრი მოძალადეა, დააკავეს და მინესოტიდან გაიყვანეს. ისინი რომ ისევ იქ ყოფილიყვნენ, დღეს არსებულზე გაცილებით უარესს იხილავდით!" - წერს ტრამპი.
ცნობისთვის, 24 იანვარს მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, სასაზღვრო სამსახურის აგენტებმა მამაკაცს, რომელიც მათ ცეცხლსასროლი იარაღით უახლოვდებოდა, თავდაცვის მიზნით გაუხსნეს ცეცხლი. მინეაპოლისის პოლიციის მეთაურის, ბრაიან ო'ჰარას თქმით, მოკლული 37 წლის მამაკაცი აშშ-ის მოქალაქე იყო. მას იარაღი კანონიერად ჰქონდა შეძენილი.
ავტორ(ებ)ი :