POLITICO: ევროკავშირის გამოკითხული მოქალაქეების 71% მიიჩნევს, რომ მათმა ქვეყნებმა „უფრო მტკიცედ უნდა დაიცვან თავიანთი ეროვნული ინტერესები მაშინაც კი, თუ ეს სხვა ქვეყნებთან უთანხმოებას გამოიწვევს“ 26.01.2026 22:54

 

ევროპელები პესიმისტურად არიან განწყობილნი მსოფლიოში არსებული მდგომარეობის, საკუთარი ქვეყნების, პირადი გარემოებებისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან მომავალი საფრთხეების მიმართ, - წერს გამოცემა POLITICO.

სტრატეგიული კომუნიკაციების ფირმა FGS Global-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რომელიც ექსკლუზიურად POLITICO-სთვის გახდა ცნობილი, რესპონდენტთა თითქმის ორ მესამედს (63%) მიაჩნია, რომ „საუკეთესო წლები წარსულს ჩაბარდა", ხოლო 77%-ს სჯერა, რომ მათ ქვეყანაში ცხოვრება „მომავალი თაობისთვის უფრო რთული იქნება". კვლევა ნოემბერში ჩატარდა და მასში ევროკავშირის 23 ქვეყნიდან 11 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

კითხვაზე, ეთანხმებიან თუ არა მოსაზრებას, რომ მათმა ქვეყნებმა „უფრო მტკიცედ უნდა დაიცვან თავიანთი ეროვნული ინტერესები მაშინაც კი, თუ ეს სხვა ქვეყნებთან უთანხმოებას გამოიწვევს", აბსოლუტურმა უმრავლესობამ (71%) დადებითი პასუხი გასცა.

როდესაც რესპონდენტებს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დებულებიდან ერთ-ერთის არჩევა სთხოვეს, სულ მცირე, ნახევარმა განაცხადა, რომ მათი ქვეყნის პოლიტიკური სისტემა „ხალხის იმედებს ვერ ამართლებს და ფუნდამენტურ რეფორმას საჭიროებს", ნაცვლად მოსაზრებისა, რომ ის „საკმაოდ კარგად მუშაობს და მნიშვნელოვანი რეფორმა არ სჭირდება".

„ეს განწყობა განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. ევროპელთა უმრავლესობამ (76%) განაცხადა, რომ მათ ქვეყანაში დემოკრატია დაღმავლობას განიცდის", - წერს გამოცემა POLITICO.

გამოკითხვა ააშკარავებს ფართოდ გავრცელებულ შეშფოთებას ევროპული დემოკრატიების მდგომარეობისა და მთავრობების შესაძლებლობების შესახებ, გაუმკლავდნენ არსებულ გამოწვევებს. ეს გამოწვევები მოიცავს ომს კონტინენტის აღმოსავლეთ ფლანგზე, ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ გაურკვევლობასა და მზარდ უთანხმოებას ვაშინგტონთან.

ჯერ კიდევ მანამ, სანამ აშშ-ის პრეზიდენტი გრენლანდიის ხელში ჩაგდების სურვილს განაცხადებდა, ევროპელთა აბსოლუტური უმრავლესობა მას მშვიდობისთვის, საკუთარი ქვეყნისა და გლობალური ეკონომიკისთვის ნეგატიურ ძალად მიიჩნევდა.

თითქმის ყველა გამოკითხულ ქვეყანაში უმრავლესობას მიაჩნია, რომ მათი სახელმწიფო არასწორი მიმართულებით ვითარდება. გამონაკლისს მხოლოდ პოლონეთი, ლიეტუვა და დანია წარმოადგენს.

„ეს გამოკითხვა ცუდი ამბავია მთავრობების უმეტესობისთვის, რადგან ის ააშკარავებს პოლიტიკური სისტემებისადმი საზოგადოების სუსტ ნდობას და სკეპტიციზმს მათი ეფექტური ფუნქციონირების შესაძლებლობის მიმართ", - აღნიშნავს გამოცემა POLITICO.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ