06.02.2026 21:23
ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, შტატები და რუსეთი უმაღლესი სამხედრო დიალოგის აღდგენაზე შეთანხმდნენ. ამერიკის ევროპული სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ თეთრი სახლის და კრემლის გადაწყვეტილების მიზანი პირდაპირი საბრძოლო დაპირისპირების რისკის შემცირებაა. ამ მიზნით მხარეები რეგულარულ კონსულტაციებს და მოლაპარაკებებს გამართავენ.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზე იდო, ბირთვული შეიარაღების განთავსების შეზღუდვასთან დაკავშირებული ახალი შეთანხმების მომზადებაა. "აქსიოსი" წერს, რომ იმის მიუხედავად, რომ აქამდე არსებულ შეთანხმებას ვადა ამოეწურა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა მოილაპარაკეს, რომ მასში გაწერილ პირობებს მომდევნო 6 თვის ან 1 წლის განმავლობაში, ოფიციალური იურიდიული ვალდებულებების გარეშე დაიცავენ.
კრემლთან ბირთვული შეიარაღების განთავსების შეზღუდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გახსნამდე, თეთრი სახლი ახალი დოკუმენტის შემუშავებას სფეროს ექსპერტებს დაავალებს. საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პრესსპიკერმა ისაუბრა და ტრამპის განცხადება გაახმოვანა.
ცნობილია ოფიციალური მოსკოვის პოზიციაც. კრემლის განცხადებით, მხარეები აცნობიერებენ, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ საკითხზე მოლაპარაკებები უახლოეს ვადებში უნდა დაიწყოს.
უკვე 24 საათზე მეტია, რაც სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა. დოკუმენტი 10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მსოფლიოს ორი უდიდესი ბირთვული არსენალის კონტროლს უზრუნველყოფდა. ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული იყო რუსეთის და შტატების მიერ განლაგებული სტრატეგიული რაკეტების, გამშვები სისტემებისა და ქობინების რაოდენობა.
ავტორ(ებ)ი :