11.02.2026 13:09
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ამერიკული დრონების მიწოდება სომხეთისათვის და ნიკოლ ფაშინიანისადმი მხარდაჭერა: რატომ ჩავიდა ჯეიმს ვენსი ერევანში“ (ავტორი - გრიგორი ათანესიანი), რომელშიც გაანალიზებულია სომხეთში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მომენტები.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეიმს დი ვენსის ისტორიული ვიზიტით სომხეთში გამოიხატა ერევნის სწრაფი დაახლოება ვაშინგტონთან და ასევე სწრაფი დაშორება მოსკოვისგან. სომხეთში ყოფნისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას ივნისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში და განაცხადა, რომ სომხეთის არმია აშშ-საგან მიიღებს ისეთივე სადაზვერვო დრონებს, როგორებიც უკრაინის არმიას მიეწოდება.
„ვიცი, რომ [ნიკოლ ფაშინიანს] მალე არჩევნები ექნება. მე არაფერს არ ვიტყვი თვითონ არჩევნებზე, მაგრამ თუ ჩემი მხარდაჭერა რაიმეს ნიშნავს, იგი, ალბათ, ამით ისარგებლებს - იმიტომ, რომ მას შეუძლია ისეთი გრძელვადიანი თანამშრომლობის აწყობა, რომელიც [აზერბაიჯანთან] მტკიცე მშვიდობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ჯეიმს ვენსმა ერევანში 9 თებერვალს, ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
შეხვედრის დროს ითქვა, რომ მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბირთვულ ენერგეტიკაში თანამშრომლობის შესახებ, რაც გულისხმობს სომხეთში ამერიკული ბირთვული ტექნოლოგიების ექსპორტს და მცირე ბირთვული რეაქტორების მშენებლობას.
ვიზიტის დროს ცნობილი გახდა, რომ ამერიკულ-სომხური სტარტაპი „ფაირბირდი“ (Firebird) სომხეთში შექმნის სუპერკომპიუტერს და „Data center“-ს ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვისათვის, რისთვისაც სტარტაპი 4 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს სომხეთის ეკონომიკაში და რისთვისაც აშშ-ის მთავრობამ ნებართვა გასცა დამატებით Nvidia-ს 41 ათასი ჩიპის (ინტეგრირებული მიკროსქემის) გაყიდვის თაობაზე. ეს პროექტი ყველაზე მასშტაბური ინვესტიცია უნდა გახდეს სომხეთის IT-სექტორში.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან ახალ ამბავად იქცა აშშ-ის მიერ სომხეთისთვის 11 მილიონ დოლარად ამერიკული სადაზვერვო დრონების (V-Bat) მიწოდება. ეს პირველი ფაქტია ისტორიაში სომხეთისათვის ამერიკული იარაღის მიწოდებისა - ქვეყნისათვის, რომელიც ფორმალურად რუსეთის მოკავშირედ რჩება, მაგრამ აქვს აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორის სტატუსი და მიზნად ისახავს გახდეს ევროკავშირის წევრი.
ჯეიმს ვენსმა და ნიკოლ ფაშინიანმა განიხილეს მშვიდობის განმტკიცების პროცესის მიმდინარეობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, იმსჯელეს აგრეთვე ერთ-ერთ მოუგვარებელ საკითხზე - ბაქოში დაპატიმრებული სომხეთის მოქალაქეების ბედზე - იგულისხმებიან მთიანი ყარაბაღის ექს-„პრეზიდენტი“ არაიკ არუთინიანი (მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს), მთიანი ყარაბაღის არმიის ექს-„სარდალი“ ლევონ მნაცაკანიანი, მისი მოადგილე დავით მანუკიანი, პარლამენტის „სპიკერი“ დავით იშხანიანი და საგარეო საქმეთა „მინისტრი“ დავით ბაბაიანი, რომლებსაც სხვადასხვა ვადით მიუსაჯეს პატიმრობა. როგორც ჯეიმს ვენსმა განაცხადა, ბაქოში ვიზიტის დროს ამ საკითხის ინიცირებას პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს მოახდენს.
[სხვათა შორის, როგორც BBC-ის აზერბაიჯანული სამსახური იუწყება, ვიზიტის დროს, ერევანში, აშშ-ის საელჩოსა და პრეზიდენტის რეზიდენციის წინ ჩატარებული საპროტესტო აქციის დროს მომიტინგეებმა ჯეიმს ვენსს მოუწოდეს ზეწოლა მოახდინოს სომხეთის მთავრობაზე, რომ შეწყდეს სომხური სამოციქულო ეკლესიის სამღვდელოების წინააღმდეგ და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები სომხეთში. თავის მხრივ, სომხეთის მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ასევე სთხოვეს ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს ვენსს, რომ მან გარკვეული შუამავლობა განახორციელოს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან ბაქოს საპყრობილედან ე.წ. სომეხი პატიმრების გასათავისუფლებლად და ყარაბაღის მეორე ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული სომხების ძებნის დაწყების მიზნით. ამასთან, როგორც აზერბაიჯანის ოფიციალურ განცხადებებშია ნათქვამი, ქვეყანაში სომეხი უკანონო პატიმრები და მძევლად აყვანილი პირები არ არიან. ბაქოს მტკიცებით, სომეხი ეროვნების პირები პასუხისმგებლობაში არიან მიცემულნი კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედების გამო].
ნიკოლ ფაშინიანი - დასავლეთის ერთობლივი კანდიდატი?
ჯეიმს ვენსის სიტყვები ნიკოლ ფაშინიანის მხარდაჭერის თაობაზე იმას ნიშნავს, რომ სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში დასავლეთს ერთობლივი კანდიდატი ჰყავს - მიუხედავად მისა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას და ევროპელ ლიდერებს შორის მრავალ საკითხში უთანხმოება არსებობს
„ევროკავშირის ლიდერები ნიკოლ ფაშინიანს პოზიტიურად უყურებენ: გასული წლის დეკემბერში სომხეთმა ბრიუსელის მნიშვნელოვანი გრანტი მიიღო დეზინფორმაციასთან ბრძოლისათვის, რაც ფაქტიურად მოქმედი მთავრობის მხარდაჭერას ნიშნავს“, - ამბობს ჯოშუა კუჩერა, Crisis Group-ის უფროსი ანალიტიკოსი სამხრეთ კავკასიის საკითხებში.
„სომხეთის ხელისუფლება მუდმივად ლაპარაკობს რუსეთის ჩარევაზე ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში, მაგრამ რეალურად რუსეთს არც ევროპა და ამერიკა არ ჩამოუვარდებიან - ისინი ამას არც მალავენ“, - ამბობს ჯოშუა კუჩერა, - „რუსეთის მხრიდან აქტიურობაზე მხოლოდ ირიბი მტკიცებულებები არსებობს, ევროკავშირი და აშშ კი ჩარევას ღიად ახორციელებენ“.
ანალიტიკოსი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ევროკავშირის ლიდერებიც და აშშ-ის ვი9ცე-პრეზიდენტი პირდაპირ უკავშირებენ ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებაში ყოფნას სამშვიდობო პროცესის პროგრესს აზერბაიჯანთან: „ეს ნიშნავს, რომ სამშვიდობო პროცესის პოზიტიურად განვითარება დაკავშირებულია ცალკეულ პიროვნებებთან, რაც მას (პროცესს) სიმტკიცეს არ მატებს“.
სომხეთში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ივნისის დასაწყისშია დაგეგმილი. მაისში ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების წარმომადგენელთა ფორუმი უნდა გაიმართოს, რომელსაც რიგი ევროპელი ლიდერები დაესწრებიან.
უფრო მეტიც: BBC-ის მიერ ანონიმური წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მალე ოფიციალურად გამოცხადდება მაისში პირველი სომხურ-ევროპული სამიტის ჩატარება. ერთ-ერთი წყაროს თქმით, ამ ღონისძიების მიზანია ევროპელი ლიდერების მიერ ღია მხარდაჭერის გამოხატვა ნიკოლ ფაშინიანისადმი.
დრონები: რა იგულისხმება იარაღის მიწოდებაში?
„ჩვენს ურთიერთობებში პირველად ვაცხადებთ სამხედრო ტექნოლოგიების მსხვილი მიწოდება-მიყიდვის თაობაზე, რომელიც გამოიხატება სომხეთის არმიის უზრუნველყოფაში უპილოტო საფრენი აპარატებითა და დაკვირვება-თვალთვალის სისტემებით. ამას ვაკეთებთ სომხეთისათვის და ჩვენი კეთილი მეგობრის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრისადმი პატივისცემის აღსანიშნავად“, - განაცხადა ჯეიმს ვენსმა.
საქმე ეხება V-Bat-ის ტიპის ამერიკულ სადაზვერვო დრონებს, რომლებიც მიეწოდება უკრაინასაც და გამოიყენებიან Himars-ის შორსმსროლელი სარაკეტო კომპლექსებისთვის - დარტყმების მისაყენებლად იმ ობიექტებისადმი, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიაზე მდებარეობენ. „ეს არის ძალიან დიდი მოვლენა სომხეთისათვის. ლაპარაკია იმ პლატფორმაზე, რომელიც ამჟამად აშშ-ის არმიისა და მისი მოკავშირეების მიერ გამოიყენება. ეს შეიძლება აშშ-ის მზადყოფნის სიგნალადაც გამოვიყენოთ, რომ ვაშინგტონი სომხეთის სამხედრო პოტენციალის განმტკიცებას სამომავლოდაც გააგრძელებს“, - თვლის ედუარდ არაქელიანი, სამხედრო ანალიტიკოსი, რომელიც დემოკრატიისა და უსაფრთხოების ერევნის რეგიონული ცენტრის თანამშრომელია.
„V-Bat-ის დრონები ვერტიკალური აფრენისა და დაშვების აპარატებს წარმოადგენენ, ანუ მათ არ ჭირდებათ სპეციალურად მოწყობილი ასაფრენ-დასაშვები ზოლი. ისინი იდეალურად შეესაბამებიან სომხეთის მთიან რელიეფს“, - ამბობს ექსპერტი, - „ასეთი დრონები სომხეთის არმიის შესაძლებლობებს გააძლიერებენ დაზვერვის, დაკვირვებისა და მიზნის დაფიქსირების დროს, ასევე შეუძლიათ არტილერიისათვის დახმარების გაწევაც“.
„ეს სწორედ ის არის, რაც ჩვენ ძალიან გვაკლდა ბოლო წლების კონფლიქტების დროს, დაწყებული 2020 წლიდან. ჩვენ არ ვიცოდით, რა ხდებოდა 50, 80 ან 100 კმ-ის სიღრმეში. ახლა კი ეს დრონები ამ ნიშის დახურვაში დაგვეხმარება“, - აღნიშნავს ედუარდ არაქელიანი.
ჯეიმს ვენსმა და ნიკოლ ფაშინიანმა ასევე მოილაპარაკეს შეთანხმების დადებაზე სამოქალაქო მშვიდობიან ატომურ ენერგეტიკაში, რომელიც გზას უხსნის ამერიკულ კომპანიებს სომხეთის ბირთვულ სფეროში. აშშ-დან ატომური რეაქტორების ექსპორტის თავდაპირველი მოცულობა 5 მილიარდი დოლარი იქნება. გათვალისწინებულია ბირთვული საწვავის მიწოდება და ტექმომსახურებაც 4 მილიარდი დოლარის ოდენობით.
„ტრამპის გზა“ და ზავი აზერბაიჯანთან
ჯეიმს ვენსის ვიზიტი მოჰყვა ჯერ კიდევ 2025 წლის აგვოს ვაშინგტონში გამართულ სამიტს ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის მონაწილეობით, დონალდ ტრამპის შუამავლობით, როცა მხარეებმა სამშვიდობო დეკლარაციაზე ხელი მოაწერეს. საკვანძო მომენტად იქცა „ზანგეზურის დერეფნის“ - სატრანსპორტო გზის პროექტის - კომპრომისული ვარიანტი აზერბაიჯანიდან მისი ექსკლავისაკენ - ნახჭევანისაკენ, რომელმაც მიიღო სახელწოდება „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და აყვავებისათვის“ ინგლისური აბრევიატურით - TRIPP).
იმ დროს ბევრს ეჭვი ეპარებოდა, რომ საბჭოთა კავშირის დროს არსებული რკინიგზისა და ავტომაგისტრალის დანგრეული მონაკვეთი ნამდვილად აღდგებოდა და თანამედროვე ინფრასტრუქტურულ პროექტად გარდაიქმნებოდა. როცა დონალდ ტრამპი თავის სამშვიდობო დამსახურებაზე ლაპარაკობდა, ხშირად ურევდა ერთმანეთში სომხეთსა და ალბანეთს (Armenia – Albania), ხოლო აზერბაიჯანს “აბერბაიჯანად“ მოიხსენიებდა, რითაც სკეპტიკოსებს ეჭვი გაუძლიერა, რომ „ტრამპის დერეფანი“ ოდესმე ამოქმედდებოდა.
მაგრამ გავიდა ნახევარი წელი და ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი მუდმივად ლაპარაკობენ იმ შეთანხმების ხელმოწერაზე, რომლის ტექსტი ვაშინგტონში დამტკიცდა. მხარეები უკვე ავითარებენ სავაჭრო კავშირებსაც: აზერბაიჯანი სომხეთს ბენზინს აწვდის, რომელიც წარმოუდგენელი იყო ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ.
„როგორიც არ უნდა იყოს დონალდ ტრამპის მოტივები სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების დადების მიმართ გასული წლის აგვისტოში, მისი შედეგები ადგილებზე სრულიად რეალური აღმოჩნდა. აშშ-ის პრეზიდენტის პირადი მხარდაჭერა დაეხმარა ორივე ქვეყნის ლიდერებს პოლიტიკური ნება გამოემჟღავნებინათ ურთიერთობის ნორმალიზებისათვის, ვაჭრობის დაწყების ჩათვლით“, - აღნიშნავს ჯოშუა კუჩერა Crisis Group-დან.
ავტორ(ებ)ი :