11.02.2026 15:08
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ისევე როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აუცილებლები არიან რეგიონში ჩვენი გავლენის შემდგომი დემონტაჟისთვის, - ამის შესახებ დსთ-ის საკითხებში რუსეთის სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა.
ზატულინის თქმით, ერევნის ეკონომიკური და პოლიტიკური შეთანხმებები დასავლეთთან მიმართებაში სომხეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ხელისუფლებაში შენარჩუნებას ისახავს მიზნად.
ზატულინის მტკიცებით, აშშ-სა და სომხეთს შორის სამოქალაქო ბირთვული ენერგიის შესახებ შეთანხმება, რომელიც ცხრა მილიარდი დოლარის ამერიკულ ინვესტიციას მოიცავს, რეგიონში რუსეთის ინტერესებსა და გავლენაზე თავდასხმაა.
„მე განათლებით ისტორიის მასწავლებელი ვარ, ისტორიის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ კარგად ვიცი, რომ არსებობს ენერგიის შენახვის კანონი. იმისათვის, რომ შეერთებულმა შტატებმა რაღაც მოიპოვოს, მან ვიღაცას რაღაც უნდა წაართვას - კერძოდ, სომხეთში, კავკასიაში, მან რუსეთის ინტერესები, მისი გავლენა და ა.შ. უნდა წაიღოს. კარგად მახსოვს, როგორ გაიჩეხა 90-იანი წლების დასაწყისში, მაგალითად, 1994 წელს, როდესაც ერევანში ჩავედი, ერევნის გარშემო ყველა გორაკის ფერდობი, რადგან ყველა აივანზე იდგა ღუმელი, რომელიც შეშით თბებოდა, ვინაიდან ელექტროენერგია არ იყო. ღამით ერევანში სრულიად ბნელოდა. ახლა ბატონი ფაშინიანი, რომლისთვისაც ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს, ამერიკელებთან გარიგებებს დებს. ის უარს ამბობს „როსატომთან" თანამშრომლობაზე, რომელიც აქამდე სომხეთში მუშაობდა, ამერიკელებთან თანამშრომლობის სასარგებლოდ. განა ეს არ არის თავდასხმა ჩვენს ინტერესებზე, ჩვენს გავლენასა და პერსპექტივებზე? რა თქმა უნდა, ასეა", - განაცხადა კონსტანტინ ზატულინმა.
ავტორ(ებ)ი :