14.02.2026 15:35
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპა თავდაცვის გაძლიერებას იწყებს.
„გულწრფელად რომ ვთქვათ, ამას გარკვეული შოკური თერაპია დასჭირდა და გადაიკვეთა ისეთი ხაზები, რომელთა უკან წაღებაც ვერ მოხდება", - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.
მისივე თქმით, ევროპა უსაფრთხოების საკითხებში თვითკმაყოფილი აღარ არის.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპის უსაფრთხოებაზე სიტყვით გამოსვლა ამერიკელის ციტირებით დაიწყო. კერძოდ, 1970-იანი წლების აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის, ჯერი ფრიდჰაიმის სიტყვებით: „თუ ერი საკუთარ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე პირველ რიგში თავად არ იგრძნობს პასუხისმგებლობას, ის ამ ამოცანას სხვებს გადააბარებს და ვერ მოახერხებს საკუთარი თავდაცვისთვის საჭირო რესურსებისა და პოლიტიკური ნების მობილიზებას".
ფონ დერ ლაიენის თქმით, ეს სიტყვები „ასახავს გარკვეულ არასასიამოვნო ჭეშმარიტებებს" ევროპის უსაფრთხოების მიმართ არსებულ თვითკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დროა, ევროკავშირი სერიოზულად მოეკიდოს ურთიერთდაცვის შესახებ მუხლს.
„მჯერა, დადგა დრო, ევროპის ურთიერთდაცვის მუხლი გავაცოცხლოთ, ეს არის ვალდებულება ჩვენსავე ხელშეკრულებაში - 42(7)-ე მუხლი... ეს ჩვენი კოლექტიური ვალდებულებაა, აგრესიის შემთხვევაში ერთმანეთის გვერდით ვიდგეთ", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ სწრაფად მოქმედებისთვის ევროკავშირს, შესაძლოა, ერთსულოვნებაზე უარის თქმა დასჭირდეს.
„ევროკავშირმა უფრო სწრაფად და უფრო მტკიცედ უნდა იმოქმედოს, ეს, შეიძლება, ნიშნავდეს კვალიფიციური უმრავლესობის შედეგზე დაყრდნობას და არა ერთსულოვნებას", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ცნობისთვის, კვალიფიციური უმრავლესობის კენჭისყრა ითვალისწინებს, რომ წინადადებას მხარი დაუჭიროს ევროკავშირის ქვეყნების 55 პროცენტმა, რომლებიც ბლოკის მოსახლეობის 65 პროცენტს წარმოადგენენ. ეს მექანიზმი განიხილება, მაგალითად, როგორც შესაძლო გზა უნგრეთის ვეტოს გვერდის ავლით უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში.
ავტორ(ებ)ი :