16.02.2026 09:54
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნის მიუხედავად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბლოკში უკრაინის გაწევრიანების შესახებ კონკრეტული თარიღის შესათავაზებლად მზად არ არიან, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
„ვფიქრობ, წევრი სახელმწიფოები არ არიან მზად კონკრეტული თარიღის დასასახელებლად. კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი, მაგრამ ვფიქრობ, მათი პრიორიტეტია, გადადგან ნაბიჯები და აჩვენონ, რომ უკრაინა ევროპის ნაწილია", - განაცხადა კაია კალასმა.
ამასთან, ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმაც დაადასტურა, რომ კონკრეტული თარიღის განსაზღვრისთვის მზადყოფნა ჯერ არ არსებობს და აღნიშნა, რომ ეს საკითხი სამშვიდობო შეთანხმებასთან არის დაკავშირებული.
„მოგვწონს თუ არა, ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ძალიან მჭიდრო კავშირშია სამშვიდობო შეთანხმებასთან. იქნება თუ არა სამშვიდობო შეთანხმება? სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ რუსეთი რაიმე ნაბიჯს გადადგამს და რუსეთი ნაბიჯს თუ არ გადადგამს, შეთანხმება არ იქნება. გულწრფელად რომ ვთქვა, ამ ეტაპზე ვერ წარმომიდგენია, რომ 2026 წელს შეთანხმებას მივაღწევთ. თუ ვცდები, ამას ყველგან, ყველა ინტერვიუზე სიამოვნებით ვაღიარებ. თუმცა, ვერ ვხედავ რაიმე ნიშანს, რომ რუსებს შეთანხმების გაფორმება სურთ", - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.
ავტორ(ებ)ი :