20.02.2026 10:57
თურქეთში „დოიჩე ველეს" ჟურნალისტი ალიჯან ულუდაგი დააკავეს, რომელიც ქვეყანაში რამდენიმე წელია, რაც ძირითად ჟურნალისტური გამოძიებებით არის დაკავებული.
მედიის ცნობით, ულუდაგი საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
სამართალდამცავებმა ჟურნალისტის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს. ალიჯან ულუდაგს ბრალად ედება „საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება", „პრეზიდენტის შეურაცხყოფა" და „თურქული ერის, სახელმწიფოსა და ინსტიტუტების შეურაცხყოფა".
ბრალდებები დაკავშირებულია მის მიერ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, სოციალურ ქსელში „იქსზე" გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც თურქეთის მთავრობა კორუფციაში დაადანაშაულა.
ალიჯან ულუდაგის „დოიჩე ველეს" გენერალური დირექტორი ბარბარა მასინგი გამოეხმაურა.
„ჩვენი კოლეგის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა. ალიჯან ულუდაგი ცნობილი საგამოძიებო ჟურნალისტია, რომელიც კორუფციის შესახებ რეპორტაჟებს აშუქებს. მას ძალიან კარგი კავშირები აქვს და მნიშვნელოვან წყაროებზე აქვს წვდომა, რაც მას მთავრობის თვალში საშიშს ხდის. ის ფაქტი, რომ ჟურნალისტს, როგორც სერიოზულ დამნაშავეს ექცევიან, 30 პოლიციელს მიჰყავს, განზრახ დაშინების აქტს წარმოადგენს. ჩვენი კოლეგა დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს", - განაცხადა მასინგმა.
„დოიჩე ველე" მჭიდრო კონტაქტშია კოლეგის ნათესავებთან, ადგილობრივ ადვოკატებთან და თურქეთში მოქმედ სხვა შესაბამის ორგანოებთან.
ავტორ(ებ)ი :