20.02.2026 13:01
ევროკავშირის ცხრა ქვეყანა ეწინააღმდეგება ევროკომისიის გეგმას, რომელიც სტრუქტურაში დამატებით 2 500 თანამშრომლის დაქირავებას გულისხმობს.
ამის შესახებ სტატიას „პოლიტიკო" აქვეყნებს.
გამოცემის ინფორმაციით, ავსტრიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, გერმანიის, ესტონეთის, ლატვიის, შვედეთის, ფინეთისა და ნიდერლანდების სხვადასხვა პროფილის მინისტრები აცხადებენ, რომ ევროკომისიამ უარი უნდა თქვას დაახლოებით 2500 თანამშრომლის დაქირავებისა და ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდის გეგმებზე იმ დროს, როდესაც გაერთიანება წევრი ქვეყნების დედაქალაქებს „ქამრების შემოჭერას" სთხოვს.
ხელმომწერები აცხადებენ, რომ ევროკავშირის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ იმავე პრინციპები უნდა გამოიყენოს, რასაც წევრი ქვეყნებისგან მოითხოვს.
„პოლიტიკოს" ცნობით, ავსტრიის მიერ ინიცირებულ წერილში, რომლის ადრესატიც ევროკომისარი ბიუჯეტის, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლისა და საჯარო ადმინისტრირების საკითხებში პიოტრ სერაფინისადია, მინისტრები ითხოვენ, გაამარტივონ ბლოკის გრძელვადიანი ბიუჯეტი, რომელიც ცნობილია, როგორც მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩო (MFF).
წერილის ხელმომწერების თქმით, კომისიის მიერ დამატებით 2 500 საჯარო მოხელის დაქირავებისთვის მოთხოვნილი თანხების საერთო რაოდენობა დაახლოებით 1.4 მილიარდ ევროს შეადგენს.
„იმ დროს, როდესაც ეროვნული მთავრობები უზარმაზარი ფისკალური ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან, ევროკავშირის ადმინისტრაციული თანამდებობების მნიშვნელოვანი ზრდა მოქალაქეებისთვის არასწორი გზავნილის რისკს წარმოადგენს", - ნათქვამის ცხრა ქვეყნის მინისტრების განცხადებაში.
ავტორ(ებ)ი :