"რუსეთის შეჭრამდე ორი დღით ადრე ბაიდენი უკრაინას დაემშვიდობა"- დმიტრო კულება 21.02.2026 17:44

უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წინა დღეები გაიხსენა.

როგორც კულება იხსენებს, 22 თებერვალს მას ვაშინგტონში ვიზიტი ჰქონდა, რა დროსაც ამერიკული დაზვერვის თანამშრომლებმა მას აჩვენეს წერტილები, სადაც „რუსული ტანკები ძრავებს უკვე ახურებდნენ და საზღვრის გადაკვეთას ელოდებოდნენ".

როგორც The Guardian-ი წერს, მზვერავებთან შეხვედრის შემდეგ კულება აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან დაუგეგმავ შეხვედრაზე დაპატიჟეს. კულებას თქმით, ბაიდენთან შეხვედრა „ექიმთან პაციენტის საუბარს ჰგავდა", რომელსაც უკურნებელი სენი ჰქონდა.

„როცა ოვალური ოფისიდან გამოვდიოდი, შეგრძნება მქონდა, რომ ბაიდენი როგორც მე, ისე უკრაინელ ხალხს ემშვიდობებოდა", - იხსენებს კულება.

ამის პარალელურად უკრაინული არმიის შტაბში მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ და მაღალი რანგის მეთაურებმა უკანასკნელი მოსამზადებელი სამუშაოები ჩაატარეს. შავი ზღვის ფსკერზე ნაღმები განათავსეს, რათა ოდესაში რუსული საჯარისო შენაერთების ზღვიდან შეჭრა არ დაეშვათ.

ერთ-ერთი უკრაინელი გენერლის განცხადებით, ასეთი მოქმედებები ფორმალურად აკრძალული იყო და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევდა, თუმცა ვითარებამ აიძულა მეთაურები ასე ემოქმედათ.

უკრაინის სამხედრო დაზვერვამ კირილ ბუდანოვის ხელმძღვანელობით დასავლელი პარტნიორებისგან უკანასკნელი ცნობები მიიღო რუსების მიერ გოსტომელის აეროდრომის დაკავების გეგმის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინელებს დაეხმარა შეჭრის წინა ღამეს შეემუშავებინათ თავდაცვითი გეგმა, რომელიც გარანტირებული გამარჯვების მომტანი არ იყო, მაგრამ საშუალება მისცა საკვანძო პოზიციები მოემზადებინათ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ