23.02.2026 19:14
ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირების პროცესი დააპაუზა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირების შესახებ კენჭისყრის გადადება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ახალი ტარიფები დააწესა.
ევროპარლამენტის ვაჭრობის კომიტეტში კენჭისყრა ხვალისთვის იყო დაგეგმილი.
გასული წლის ივლისში, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის მიღწეული სავაჭრო შეთანხმება ამერიკულ სამრეწველო საქონელზე ტარიფების გაუქმებას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს განაცხადა, რომ ტარიფებს ყველა ქვეყნისთვის 10%-დან 15%-მდე გაზრდის. ტრამპის განცხადებას წინ უძღოდა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ქვეყნის პრეზიდენტის მიერ დაწესებული საგანგებო ტარიფები უკანონოდ ცნო. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპმა დაარღვია ფედერალური კანონი, როდესაც ცალმხრივად დააწესა ფართომასშტაბიანი ტარიფები მთელ მსოფლიოში.
ავტორ(ებ)ი :