ვამაყობ, რომ თანამდებობაზე ჩემი ყოფნის დროს რელიგიაში, ქრისტიანობასა და ღმერთის რწმენაში უზარმაზარი ცვლილება მოხდა, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში -დონალდ ტრამპი 25.02.2026 12:13

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კონგრესის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი გამოსვლა ჰქონდა. ტრამპის სიტყვით გამოსვლა საათი და 47 წუთი გაგრძელდა.

მისი მიმართვა შეეხო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ეკონომიკა, სავაჭრო ტარიფები, მიგრაცია და საგარეო პოლიტიკა.

ეკონომიკაზე საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ წინა ადმინისტრაციისგან მემკვიდრეობით საშინელი ეკონომიკა მიიღო, თუმცა ახლა ქვეყანაში ეკონომიკა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. პრეზიდენტის თქმით, 12 თვეში ქვეყანაში 18 ტრილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია შეიტანა.

დონალდ ტრამპი ერთხელ შეეხო უზენასი სასამართლოს გადაწყვეტილებას ტარიფების უკანონოდ ცნობის შესახებ, რასაც ძალიან სამწუხარო დადგენილება უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ „თითქმის ყველა“ ქვეყანას სურს არსებული სავაჭრო შეთანხმების გაგრძელება.

„ტარიფები დარჩება ძალაში სრულად დამოწმებული და გამოცდილი ალტერნატიული სამართლებრივი სტატუსების საფუძველზე“, – განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, ადმინისტრაციამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია უკანონო მიგრაციის შეჩერებასა და საზღვრის დაცვაში. სიტყვით გამოსვლისას ტრამპს არ უხსენებია მინესოტაში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ოპერაციები.

საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკა ემყარება ძალისმიერ მშვიდობას.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ში ქრისტიანობის აღზევების შესახებ თავისი გამოსვლის ნაწილში ტრამპმა პატივი მიაგო გარდაცვლილ ჩარლი კირკს, რომელიც, ტრამპის აზრით, თავისივე რწმენას ემსხვერპლა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩარლი კირკის პატივსაცემად კატეგორიულად უნდა უარყონ ნებისმიერი სახის პოლიტიკური ძალადობა.

„ძალიან ვამაყობ, რომ თანამდებობაზე ჩემი ყოფნის დროს, როგორც პირველი ოთხი წლის განმავლობაში, ასევე განსაკუთრებით ბოლო წელს, რელიგიაში, ქრისტიანობასა და ღმერთის რწმენაში უზარმაზარი ცვლილება მოხდა, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში და ეს დიდწილად ჩემს საუკეთესო მეგობარს, ჩარლი კირკს უკავშირდებოდა, შესანიშნავ ადამიანს“, – განაცხადა ტრამპმა.

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას მხურვალე ოვაციები დაიმსახურა სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, რომელსაც ტრამპმა მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხალხს ის მოსწონს.

„მარკო, შენ შესანიშნავი სამუშაო გასწიე. შესანიშნავი სახელმწიფო მდივანი ხარ. ვფიქრობ, ის ისტორიაში საუკეთესოდ დარჩება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

უყურადღებოდ ტრამპს არც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნენსი პელოსი დაუტოვებია, რომელთანაც მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.

ინსაიდერული ვაჭრობის აკრძალვაზე საუბრისას ტრამპს დემოკრატი კანონმდებლების ნაწილი ფეხზე წამოუდგა, რა დროსაც ტრამპმა იკითხა, წამოუდგა თუ არა ფეხზე მას დარბაზში მყოფი პელოსი.

„ნენსი პელოსი წამოდგა? თუ ის აქ არის“, – იკითხა ტრამპმა.

 

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას დემოკრატ წარმომადგენელს, ალ გრინს ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით „შავკანიანები მაიმუნები არ არიან!“ რითიც პროტესტი გამოხატა ტრამპს მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოს გამო, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი მეუღლე მიშელ ობამა მაიმუნებად არიან წარმოჩენილი. ამის შემდეგ გრინი მალევე გაიყვანეს დარბაზიდან.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ