,,ირანისგან მომავალი საფრთხის აღსაკვეთად საჭირო გახდება ირანის რეჟიმის შეცვლა''- ისრაელის ელჩი 03.03.2026 17:45

 

სრაელი ბოლო 47 წლის განმავლობაში ირანის რეჟიმის მხრიდან მუდმივი ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ ცხოვრობდა, ისრაელის ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მივიდა დასკვნამდე, რომ ყველა დიპლომატიური საშუალების ჩავარდნის შემდეგ ერთადერთი გამოსავალი ირანის მუდმივი და ეგზისტენციალური საფრთხის აღმოფხვრა იყო, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ვალიდ აბუ ჰაიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ირანისგან მომავალი საფრთხის აღსაკვეთად საჭირო გახდება ირანის რეჟიმის შეცვლა, რისთვისაც აშშ და ისრაელი არიან მზად, რადგან უკან დასახევი გზა არ არსებობს.

ელჩის თქმით, მოკავშირეები მზად არიან და მიზანს აუცილებლად მიაღწევენ.

„ჩვენი საჰაერო ძალების დარტყმები მიმართულია ტერორისტული სამიზნეების და ამ რეჟიმის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ. ამ საფრთხის აღმოფხვრა ამ რეჟიმის მოშორებას თუ ნიშნავს, დაე, ასე იყოს. უკან დასახევი გზა არ არსებობს. გადაწყვეტილება მიღებულია. მოგვიწევს ამ საფრთხის მოშორება. ამ რეჟიმს არ აქვს უფლება, გააგრძელოს ისრაელის მიმართ მუქარა და ტერორი რეგიონში ნებისმიერი ქვეყნის და, თუნდაც, ირანის ქუჩებში უდანაშაულო ირანელების წინააღმდეგ. იანვარში ვნახეთ, როგორ დახოცეს 36 000-ზე მეტი უდანაშაულო ირანელი, რომლებიც უბრალოდ თავისუფლებას ეძებდნენ. ვფიქრობ, ათობით მილიონი ირანელი ბედნიერი იქნება ამ საფრთხის მოხსნით. ვერ გეტყვით, რამდენი დრო დასჭირდება ამას, მაგრამ ერთი რამ ვიცი და ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ასევე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეს ძალიან ნათლად განაცხადეს, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, მიზანს უნდა მივაღწიოთ. იქნება ეს ერთი დღე, კვირა თუ კიდევ მეტი, ჩვენ მზად ვართ. ძალიან მომზადებული ვართ. ისრაელის ისტორიაში ყველა ჩვენი ომი თავდაცვითი იყო. ისრაელმა მშვიდობისთვის ხელი გაუწოდა მათ, ვისაც ახლო აღმოსავლეთში და ისრაელთან მშვიდობიანად ცხოვრება სურს. ჩვენ მშვიდობა გვაქვს სპარსეთის ყურის სახელმწიფოებთან, როგორებიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, მაროკო, ეგვიპტე და იორდანია. ჩვენ არ შეგვიძლია ტერორისა და ძალადობის გზის ატანა, რაც ისრაელის სახელმწიფოს არსებობისთვის საფრთხის შემცველია. ამას უნდა გავუმკლავდეთ. დიპლომატია თუ ჩავარდება, სხვა საშუალებებიც გვექნება ამასთან გასამკლავებლად", -  განაცხადა საქართველოში ისრაელის ელჩმა, ვალიდ აბუ ჰაიამ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ