03.03.2026 20:15
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, პრეზიდენტი ტრამპი მზად არის მხარი დაუჭიროს ირანის შიგნით არსებულ იმ ჯგუფებს, რომლებიც რეჟიმის დასამხობად იარაღის ხელში აღებას აპირებენ, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.
ეს იდეა შესაძლოა ირანულ ფრაქციებს სახმელეთო ძალებად გადაქცევაში დაეხმაროს, რომელთაც, სულ მცირე რიტორიკულ დონეზე მაინც, ვაშინგტონი დაუჭერს მხარს.
ოფიციალური პირების თქმით, ტრამპი კვირას ქურთ ლიდერებს ესაუბრა და აგრძელებს კომუნიკაციას სხვა ადგილობრივ ლიდერებთან, რომლებმაც შესაძლოა თეირანის სისუსტე საკუთარი მიზნების მისაღწევად გამოიყენონ.
ქურთებს ერაყ-ირანის საზღვართან მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა ჰყავთ, ხოლო ისრაელმა დასავლეთ ირანში მდებარე პოზიციები დაბომბა, რამაც გააჩინა ვარაუდი, რომ ის გზას ქურთების წინსვლისთვის ამზადებს.
„პრეზიდენტი ტრამპი ბევრ რეგიონულ პარტნიორს ესაუბრა", - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა, თუმცა მას პირდაპირ არ დაუდასტურებია ტრამპის კონკრეტული მიზნები. ტრამპის ქურთებთან საუბრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა Axios-მა გაავრცელა.
ოფიციალური პირების განცხადებით, ტრამპს საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, მათ შორის არც იმაზე, აღმოუჩენს თუ არა ჯგუფებს დახმარებას იარაღით, წვრთნით თუ სადაზვერვო მონაცემებით.
ავტორ(ებ)ი :