05.03.2026 14:22
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირანის პროვოცირება მოახდინეს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებზე დარტყმები მიეტანა.
როგორც უწყებაში განაცხადეს, აშშ-მა და ისრაელმა მიზანმიმართულად მოახდინეს ირანის პროვოცირება, რათა თეირანს დარტყმები მიეტანა ზოგიერთ არაბულ ქვეყნებში მდებარე ობიექტებზე.
„აგრესორები ცდილობენ ისლამურ სამყაროში განხეთქილება შეიტანონ მუსლიმებისთვის წმინდა თვის, რამადანის, დროს. მათ განზრახ მოახდინეს ირანის პროვოცირება, რომ რამდენიმე არაბულ ქვეყანაში ობიექტებზე საპასუხო დარტყმები განეხორციელებინა, რამაც ადამიანური, მატერიალური დანაკარგები გამოიწვია და რასაც რუსული მხარე ღრმად ნანობს", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამგვარად „ცდილობენ, არაბული ქვეყნები ჩართონ სხვისი ინტერესებისთვის ომში".
„თან ყურადღების გადატანა ხდება პალესტინელი ხალხის კატასტროფული მდგომარეობიდან", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
მოსკოვი მოუწოდებს დაპირისპირებაში ჩართულ ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები.
ამასთან, რუსეთის საგარეო უწყება „მიუღებელს" უწოდებს ირანის დარტყმებს სპარსეთის ყურის ქვეყნებზე.
„სრულიად მიუღებლად მივიჩნევთ მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმებს, შეტევებს ნებისმიერ სამოქალაქო ობიექტებზე, იქნება ეს ირანი თუ არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წევრი სპარსეთის ყურის ქვეყნები", - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
ავტორ(ებ)ი :