05.03.2026 21:20
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.
კირ სტარმერის თქმით, მისი გადაწყვეტილება, არ ჩაერთოს ისრაელისა და აშშ-ს ირანზე თავდასხმაში უცვლელი რჩება, ხოლო საუკეთესო გზა ირანისა და მსოფლიოსთვის ახლა მოლაპარაკებების გზით შეთანხმებაა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანეთი კატარში Typhoon-ის ტიპის ოთხ თვითმფრინავს აგზავნის.
„დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ ვაგზავნით დამატებით ოთხ „ტაიფუნის" ტიპის თვითმფრინავს, რომლებიც შეუერთდებიან ჩვენს ესკადრილიას კატარში და მთელ რეგიონში თავდაცვითი ოპერაციების გასაძლიერებლად", - აღნიშნა სტარმერმა.
სტარმერს ასევე ჰკითხეს ტრამპის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გააფუჭა.
საპასუხოდ სტარმერმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპზე დამოკიდებულია აშშ-ისთვის სწორი გადაწყვეტილებების მიღება, ხოლო მასზე - ბრიტანეთისთვის სწორი გადაწყვეტილების.
„აშშ-თან განსაკუთრებული ურთიერთობა ამჟამად მოქმედებს. ჩვენ ერთად ვმუშაობთ რეგიონში, აშშ და ბრიტანელები ერთად მუშაობენ როგორც აშშ-ს, ასევე ბრიტანელების დასაცავად ერთობლივ ბაზებზე, სადაც ჩვენ ერთობლივად ვართ განლაგებულნი. ჩვენ ჩვეულებისამებრ, 24/7-ზე რეჟიმში ვუზიარებთ ერთმანეთს სადაზვერვო ინფორმაციას. ეს არის განსაკუთრებული ურთიერთობა.
ცხადია, პრეზიდენტის გადასაწყვეტია, მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებსაც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიჩნევს. მესმის, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებებია აშშ-თვის, პატივს ვცემ ამას. თუმცა, ასევე, როგორც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია, მივიღო გადაწყვეტილებები, რომლებსაც გაერთიანებული სამეფოს ინტერესებიდან გამომდინარე მივიჩნევ.
ჩემი ყურადღება ეროვნული ინტერესების დასაცავად მშვიდი, გაწონასწორებული ლიდერობის უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული, რაც ნიშნავს ჩვენი ღირებულებებისა და პრინციპების მტკიცედ დასაცავად ძალის ქონას, საპირისპიროს გაკეთების ზეწოლის მიუხედავად. დიდი ბრიტანეთის დიდი ხნის პოზიციაა, რომ ირანის საკითხის საუკეთესო გადაწყვეტა იყო მოლაპარაკებების გზით შეთანხმება, რომლის დროსაც ისინი უარს იტყვიან ბირთვულ ამბიციებზე. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დიდი ბრიტანეთი არ შეუერთდებოდა საწყის დარტყმას. ეს გადაწყვეტილება განზრახ იყო მიღებული. ეს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობდა და მე მას მხარს ვუჭერ", - განაცხადა სტარმერმა.
ავტორ(ებ)ი :