06.03.2026 13:37
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დროებითი ნებართვა მისცა ინდოეთს, შეისყიდოს რუსული ნავთობი. როგორც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, საწვავის კრიზისის გამო, რომელიც ირანში მიმდინარე ოპერაციამ გამოიწვია, ინდოეთს 30 დღის განმავლობაში ექნება რუსული ნავთობის შეძენის უფლება.
ბესენტის თქმით, აშშ-ის ხელისუფლებამ ეს მოკლევადიანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც არ მოუტანს მნიშვნელოვან სარგებელს რუსეთის მთავრობას და ამავე დროს, ირანში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდება გაგრძელდება. კერძოდ, აშშ-ში განმარტავენ, რომ ინდოეთს მხოლოდ იმ ნავთობის შესყიდვის უფლება ექნება, რომელიც ამჟამად ზღვაში მყოფ ტანკერებზეა.
ამასთან, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აშშ ინდოეთს სანდო პარტნიორად მიიჩნევს და იმედი აქვს, რომ ნიუ დელი უფრო მეტ ამერიკულ ნავთობს შეიძენს. მანამდე სააგენტო „როიტერმა" გაავრცელა ცნობა, რომ ინდოეთის ნავთობის გადამამუშავებელმა ქარხნებმა მასობრივად დაიწყეს რუსული ნავთობის ყიდვა, რაც ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ წამოწყებული სამხედრო ოპერაციით გამოწვეულ საწვავის კრიზისს უკავშირდება. ინდოეთი ნავთობის დაახლოებით 40%-ს ჰორმუზის სრუტის გავლით იღებს, რომელიც ირანში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო ბლოკირებულია.
ავტორ(ებ)ი :