07.03.2026 23:16
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა უკრაინას მილსადენ „დრუჟბასთან" დაკავშირებულ დავაში დაამარცხებს.
ორბანმა კიევი ენერგომომარაგების შეზღუდვით ბუდაპეშტზე ზეწოლის მცდელობაში დაადანაშაულა.
„საბოლოოდ, მათ ფული უფრო ადრე ამოეწურებათ, ვიდრე ჩვენ ნავთობი. ამ საკითხში მათ დავამარცხებთ. ბოდიშს არც ველოდები, საკმარისია მილსადენის გახსნა", - განაცხადა ორბანმა.
ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა შესაძლო ენერგეტიკული კრიზისისთვის მზად არის და ნავთობის მარაგები შევსებულია.
„უკრაინელები საკუთარი თავისთვის და არა ჩვენთვის იბრძვიან. ამიტომ, ჩვენ უკრაინელების ვალი არ გვაქვს, აბსოლუტურად არაფრის ვალი. უკრაინის არც ჯარისკაცების, არც იარაღის, არც ფულის და არც ევროკავში წევრობის ვალი გვაქვს. უკრაინელებმა იციან, უნგრეთში თუ დარჩება სუვერენული ეროვნული მთავრობა, უნგრეთი ომში არ ჩაერთვება, ჯარისკაცებს არ გაგზავნის უკრაინის ფრონტზე, არ დაუშვებს უნგრელი ხალხის ფულის იქ წაღებას და უკრაინელები ვერასდროს გაწევრიანდებიან ევროკავშირში. შემიძლია, აქვე განვაცხადო, რომ ჩვენ მზად ვართ შესაძლო ენერგეტიკული კრიზისისთვის, რეზერვები შევსებულია, მივაღწიეთ შეთანხმებებს სლოვაკებთან და სერბებთან. ჩვენ მოვიგერიებთ ნავთობის ბლოკადას, მოვიგერიებთ ამ თავდასხმას უნგრეთზე. ამავდროულად, წარუმატებლობის დანახვის შემდეგ, უკრაინელებმა გადაწყვიტეს შემდეგ ეტაპზე გადასვლა. ძვირფასო მეგობრებო, პრეზიდენტმა ზელენსკიმ სასიკვდილო მუქარა გააჟღერა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიმართ. ერთი მხრივ, ეს ინდივიდის კულტურის ნაკლებობის დასტურია, მეორე მხრივ, აჩვენებს, როგორები არიან სინამდვილეში უკრაინელები. ძვირფასო მეგობრებო, ისინი ასეთ შანტაჟს ახორციელებენ და ემუქრებიან, მაგრამ ჩვენ გვახსოვს უკრაინელი ბანდიტები, გვახსოვს უკრაინული მაფია. ახლა იგივე ხდება, მხოლოდ პრეზიდენტის დონეზე", - განაცხადა სიიარტომ.
ავტორ(ებ)ი :