09.03.2026 01:54
ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, 56 წლის მოჯთაბა ხამენეი ირანის უზენაესი სულიერი ლიდერის თანამდებობაზე ექსპერტთა ასამბლეის წევრებმა აირჩიეს.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, ვიდრე ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოვალეობის შესრულებას შეუდგება, ქვეყანას სამი წევრისგან შემდგარი საბჭო მართავს. მისი წევრები არიან: ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი ღოლამჰოსეინ მოჰსენი ეჯეი და მოხალისეთა პარამილიტარული დაჯგუფების ხელმძღვანელი ალირეზა არაფი.
ცნობისთვის, ისრაელის უსაფრთხოების სამსახურები მიიჩნევენ, რომ აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა ხამენეი, შესაძლოა, გასულ კვირას განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაჭრილი იყოს.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანის უზენაესი ლიდერის არჩევაში აუცილებლად თავადაც უნდა იყოს ჩართული. „ირანის შემდეგი უზენაესი ლიდერი ჩემი დადასტურების გარეშე დიდხანს ვერ გაძლებს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა „ეიბისი ნიუსთან".
ავტორ(ებ)ი :