10.03.2026 02:34
ვფიქრობ, ფაქტობრივად ომი თითქმის დასრულებულია, სამხედრო თვალსაზრისით, მათ არაფერი დარჩათ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ,,სიბიეს ნიუსთან" სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა.
,,ვფიქრობ, ომი თითქმის დასრულებულია. მათ არ ჰყავთ საზღვაო ფლოტი, კომუნიკაციები, საჰაერო ძალები. მათი რაკეტები მიმოფანტულია. დრონები კი მთლიანად განადგურებულია, მათ შორის დრონების წარმოება. თუ დააკვირდებით, მათ არაფერი დარჩათ. სამხედრო თვალსაზრისით არაფერი დარჩათ", - აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპის თქმით, ირანის ახალი უზენაესი ლიდერისთვის, მოჯტაბა ხამენეისთვის არანაირი გზავნილი არ აქვს. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, მას მხედველობაში ჰყავს ვიღაც, ვინც ხამენეის შეცვლის, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია.
ამასთან, აშშ-ის პრეზიფენტმა განაცხადა, რომ აშშ-ს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით.
,,ირანმა ყველაფერი ესროლა, რაც კი შეიძლება და ჯობია არაფერი სცადონ, თორემ ეს ამ ქვეყნის დასასრული იქნება. თუ რამე ცუდს გააკეთებენ, ეს ირანის დასასრული იქნება და ამ სახელს ვეღარასდროს გაიგებთ", - განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობდა თუ არა, რომ ომი საბოლოოდ მალე დასრულდებოდა, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „პასუხი მხოლოდ ჩემს გონებაშია, სხვა არავის".
ავტორ(ებ)ი :