14.03.2026 21:37
აფეთქება ამსტერდამის ებრაულ სკოლასთან დილის საათებში მოხდა. დაზიანებულია სკოლის შენობა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ აიღო. ფაქტი ამსტერდამის მერმა "ებრაული საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ აქტად" შეაფასა. საქმეს პოლიცია იძიებს, რომელმაც უკვე ამოიღო გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება. აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც ნიდერლანდების პოლიციამ განაცხადა, რომ როტერდამში სინაგოგაში ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავეს. მედია წერს, რომ სავარაუდოდ როტერდამში მომხდარი ინციდენტის კვალიც სწორედ ისლამისტურ დაჯგუფებამდე მიდის.
ნიდერლანდების დედაქალაქში მომხდარი აფეთქებით შეშფოთებულია ადგილობრივი მოსახლეობა. კითხვები უკვე გაჩნდა ხელისუფლების მიმართაც. მანამდე იყო დეტროიტი. ამერიკის შეერთებულ შტატების ყველზე დიდ ებრაულ სინაგოგაში ექსტრემისტი მანქანით მაშინ შევარდა , როდესაც აქ 150-მდე მოსწავლე იმყოფებოდა. უკვე ცნობილია მისი ვინაობაც, 41 წლის აიმან ღაზალი, წარმოშობით ლიბანელი იყო, ის შტატების მოქალაქე 2016 წელს გახდა. თავდამსხმელი სროლის დროს დაიღუპა. ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს ის, რომ შემთხვევა შტატებში ანტისემიტური ინციდენტების ზრდის და უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების ფონზე მოხდა, რასაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს უკავშირებენ.
ფედერალური ბიუროს წარმომადგენლების განცხადებით, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობას. მოტივი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი. ინციდენტს ანტისემიტურ ძალადობრივ აქტს უწოდებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი. ბენიამინ ნეთანიაჰუ მიჩიგანის შტატში მომხდარ ფაქტს "X"-ზე გამოეხმაურა. მედია წერს, რომ სამართალდამცველები უკვე დაინტერესდნენ კიდევ ერთი ფაქტით. საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, დასავლეთ ევროპის ტერიტორიაზე ხშირად ფიქსირდება რადიო სიხშირე, საიდანაც გარკვეულ ინფორმაციას გადასცემენ.
სპარსულ ენაზე გაჟღერებული ფრაზების შინაარსის იდენტიფიცირება რთულია, უცნობია გადაცემის წყაროც, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ რომ ეს დაშიფრული ციფრებია, რადიო გადაცემა კი ჰგავს იმ მოქმედებებს, რომლებსაც ცივი ომის დროს ინფორმაციის გადაცემისთვის იყენებდნენ.
ავტორ(ებ)ი :