ველოდებით 90-მილიარდიანი პაკეტის განბლოკვას, უკრაინა ყველაფერს აკეთებს, მათ შორის ნავთობსადენთან დაკავშირებით, ჩვენთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია -ვოლოდიმირ ზელენსკი 20.03.2026 01:23

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას ევროკავშირისგან 90 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის განბლოკვის იმედი აქვს.

ზელენსკიმ ევროპული საბჭოს სხდომაზე ლიდერებთან მიმართვისას აღნიშნა, რომ უკრაინისთვის 90-მილიარდიანი მხარდაჭერის პაკეტი კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური უსაფრთხოების გარანტია ევროპიდან, 90-მილიარდიანი მხარდაჭერის პაკეტი არ მუშაობს. ეს ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს არის რესურსი სიცოცხლის დასაცავად", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებს სწრაფი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.

„ძვირფასო ლიდერებო, ერთიანო ევროპავ, ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებების მიღება და მათი განხორციელება. ძლიერი და სტაბილური მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ზეწოლა რუსეთზე. მნიშვნელოვანია, ყურადღება არ მოვადუნოთ მაშინაც კი, როცა ირანს ვაკვირდებით, რადგან ომი ევროპულ მიწაზე გრძელდება. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს. ველოდებით 90-მილიარდიანი პაკეტის განბლოკვას. უკრაინა, თავის მხრივ, აკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა, მათ შორის ნავთობსადენთან დაკავშირებით, რათა ეს შესაძლებელი გახდეს. ჩვენი ენერგოკომპანიების გუნდი პროდუქტიულად მუშაობს. თუმცა გადაწყვეტილება თქვენზეა - გსურთ თუ არა, რომ ევროპამ გააგრძელოს რუსული ნავთობის იმპორტი, იმის ცოდნით, რომ ეს აგრესორს ეხმარება",- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ, აშშ-ისგან მიღებული სიგნალების მიხედვით, სამშვიდობო მოლაპარაკებები, შესაძლოა, მალე განახლდეს.

„ბოლო დღეებში აშშ-ისგან მივიღეთ სიგნალები, რომ მოლაპარაკებები, შესაძლოა, მალე განახლდეს. თუმცა რა განწყობით მივა რუსეთი ამ მოლაპარაკებებზე - ეს ყველა ჩვენგანზეა დამოკიდებული. არ უნდა იგრძნონ, რომ თითქოს მათი პოზიცია გაძლიერდა", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინა აგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების განხორციელებას და მიზნად ისახავს მოლაპარაკებების პროცესის წინსვლას 2026 წელს.

„რუსეთმა მკაფიოდ უნდა დაინახოს და რეალურად იგრძნოს, რომ უკრაინა იქნება ევროპაში და ამას ვერავინ შეაჩერებს. სწორედ ამიტომ ვატარებთ რეფორმებს და ვმუშაობთ, რომ მივიღოთ ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტული თარიღი", - განაცხადა ზელენსკიმ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ