24.03.2026 17:42
საბრძოლო დრონი, რომელიც 23 მარტს ლიეტუვაში ჩამოვარდა, სავარაუდოდ, უკრაინული იყო და ლენინგრადის ოლქში მდებარე პორტზე თავდასხმაში მონაწილეობდა. ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, რობერტას კაუნასმა განაცხადა.
„წინასწარი ინფორმაციით, ეს უპილოტო საფრენი აპარატი იმ დრონების ჯგუფიდან ერთ-ერთია, რომლებმაც რუსული პორტი პრიმორსკი დააზიანეს. ძალიან დიდი ალბათობაა, რომ ეს უკრაინული დრონია, რომელიც კურსს ასცდა და ჩვენს ტერიტორიაზე ჩამოვარდა", - განაცხადა კაუნასმა.
მომხდარს გამოეხმაურა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგა რუგინენე, რომელმაც ინციდენტის გამომწვევ მიზეზად რუსეთის აგრესია დაასახელა.
„ეს არ არის ლოკალური ინციდენტი, ეს უფრო ფართო უსაფრთხოების სურათის ნაწილია. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია დამატებით რისკებს ქმნის მთელი რეგიონისთვის", - განაცხადა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, 23 მარტს ლიეტუვის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონი შეიჭრა. ის ჩამოვარდა გაყინულ ტბაზე, ბელარუსის საზღვრიდან დაახლოებით 20 კმ-ში. გასულ წელს ლიეტუვამ ნატო-ს მიმართა თხოვნით, გააძლიეროს საჰაერო თავდაცვის სისტემა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბელარუსიდან ლიეტუვაში შესული საბრძოლო დრონები ორჯერ ჩამოვარდა ქვეყნის ტერიტორიაზე.
ავტორ(ებ)ი :