მარტა კოსი: უკრაინის მისწრაფება, შეუერთდეს ევროკავშირს 2027 წლის 1-ლი იანვრისთვის, შეუძლებელი იქნება 24.03.2026 19:48

 

ევროკავშირმა უნდა შეცვალოს თავისი წესები, რათა ქვეყნების ახალი ტალღის გაწევრიანება გახდეს შესაძლებელი, - განაცხადა სამშაბათს გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა.

მან მოუწოდა ევროკავშირის დედაქალაქებს, წარმოადგინონ საკუთარი გეგმები მას შემდეგ, რაც მათ უარყვეს კომისიის წინადადებები პროცესის გამარტივების შესახებ.

მართა კოსმა POLITICO-ს „კონკურენტუნარიანი ევროპის სამიტზე" გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ წევრ ქვეყნებს უკვე წარუდგინა სამი ვარიანტი და „წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილების გარეშე, ჩვენ წინ ვერ წავალთ".

ეს სამი ვარიანტი მოიცავს: არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებას; მოქმედი სისტემის შეცვლას იმის უზრუნველსაყოფად, რომ კანდიდატი ქვეყნები წლობით არ დარჩნენ გაურკვევლობაში; ან „უკუგაფართოების" წინადადებას, რომელიც წამოაყენეს კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და მისმა გუნდმა, რაც გულისხმობს აპლიკანტი ქვეყნების გაწევრიანებას საკვანძო რეფორმების დასრულებამდე.

„წევრ სახელმწიფოებთან პირველივე აზრთა გაცვლა-გამოცვლისას [ნათელი გახდა], რომ მესამე ვარიანტი მიუღებელია... ეს ნამდვილი რევოლუცია იქნებოდა", - განაცხადა კოსმა ინტერვიუში და დასძინა, რომ „არც პირველი ვარიანტი, სტატუს-კვოს შენარჩუნება, განიხილება გამოსავლად".

მან დასძინა, რომ უკრაინის მისწრაფება, შეუერთდეს ევროკავშირს 2027 წლის 1-ლი იანვრისთვის, შეუძლებელი იქნება. ამის საპირისპიროდ, ისლანდია შეიძლება იყოს „სპეციფიკური შემთხვევა" და პროცესი „მართლაც სწრაფად წარიმართოს", თუ ამ ზაფხულს დაგეგმილ რეფერენდუმზე, ამომრჩევლები მოლაპარაკებების განახლებას დაუჭერენ მხარს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ