„პირველად მესმის სამთავრობო კვარტალში შესაძლო პროვოკაციების შესახებ''- ალექსეი გონჩარენკო 24.03.2026 20:53

 

უკრაინის უმაღლეს რადაში უარყოფენ ინფორმაციას, რომ პარლამენტის სხდომის ჩასაშლელად სამთავრობო კვარტალში პროვოკაციები მზადდება. მათივე ინფორმაციით, ამჟამად საკანონმდებლო ორგანო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

ამის შესახებ უკრაინულ მედიას ფრაქცია „ხალხის მსახურში" წყარომ განუცხადა.

„პირველად მესმის სამთავრობო კვარტალში შესაძლო პროვოკაციების შესახებ. როგორც ცნობილია, სამთავრობო კვარტალი სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დაკეტილია, კონტროლის მკაცრი პროცედურა მოქმედებს. ხვალ სხდომის ან, ზოგადად, პლენარული კვირის გაუქმებას არავინ აპირებს. ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი სწრაფად იცვლება, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ  პლენარული კვირა გავაუქმოთ", - აღნიშნავენ ფრაქცია „ხალხის მსახურში".

მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ საფრთხის გამო 60-მა დეპუტატმა უარი თქვა რადაში მისვლაზე, სიმართლეს არ შეესაბამება.

„დასწრების დაბალი დონე ყველა მოწვევის პრობლემაა. ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი „იდეალური" იყო, მაგრამ საიდან მოდის 60 ციფრი - არ ვიცი. მე და ჩემი კოლეგები სამსახურში ვართ და ვგეგმავთ ხვალ იქ ყოფნას, რათა შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა სახელმწიფოსა და მოქალაქეების წინაშე", - განაცხადა მან.

როგორც უკრაინული მედია წერს, დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ უმაღლესი რადას მომავალი სხდომა, შესაძლოა, ჩაიშალოს. მისი თქმით, ფრაქცია „ხალხის მსახურის" წევრების წინააღმდეგ პროვოკაციები იგეგმება, რათა საერთაშორისო სავალუტო ფონდის კანონებს ხმა არ მისცენ.

„რადას ხვალინდელი სხდომა ჩაშლის საფრთხის ქვეშაა. „ხალხის მსახურის" და სხვა ფრაქციების წარმომადგენლები რადაში არ მივლენ მთავრობის კვარტალში მათ წინააღმდეგ პროვოკაციების მუქარის გამო. როგორც უკვე დავწერე, ხვალ კვარტალში „ხალხის მსახურთა" წინააღმდეგ პროვოკაციები იგეგმება. მათზე ზეწოლა განხორციელდება, რათა საერთაშორისო სავალუტო ფონდის კანონებს ხმა არ მისცენ. ამჟამად „ხალხის მსახურის" დაახლოებით 60-მა წევრმა თქვა უარი რადაში მისვლაზე. სინამდვილეში, შესაძლოა, შეიქმნას სიტუაცია, როდესაც რადას 226 რეგისტრირებული ხმა არ ეყოლება", - განაცხადა გონჩარენკომ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ