27.03.2026 23:04
ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" რეგიონში აშშ-თან და ისრაელთან დაკავშირებული ინდუსტრიების თანამშრომლებს აფრთხილებს, რომ საპასუხო ოპერაციების გამო სამუშაო ადგილები დაუყოვნებლივ დატოვონ.
პარალელურად, გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების მეთაურმა, სეიედ მაჯიდ მუსავიმ მკაცრი გაფრთხილება გაავრცელა და საპასუხო ზომებით დაიმუქრა, რაც, მისი თქმით, რეგიონში შეერთებული შტატებისა და ისრაელის ინტერესებს ზიანს მიაყენებს.
„თქვენ ერთხელ უკვე გამოგვცადეთ; მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ თქვენ თვითონ დაიწყეთ ცეცხლით თამაში და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა. ამჯერად პრინციპი აღარ იქნება „თვალი თვალის წილ", უბრალოდ დაელოდეთ", - განაცხადა მუსავიმ.
გაფრთხილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანში სამრეწველო და ბირთვულ ობიექტებზე არაერთი თავდასხმა განახორციელეს. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ დარტყმები დაბინძურების საფრთხეს არ ქმნის.
ავტორ(ებ)ი :