28.03.2026 13:56
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა „დიდი შვიდეულის" შეხვედრაზე რუსეთის საკითხთან დაკავშირებით იკამათეს. ინფორმაციას ამის შესახებ „აქსიოსი" შეხვედრაზე დამსწრე სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვედრის დროს ჰკითხა, როდის მიიღებდა ვაშინგტონი რუსეთის მიმართ მკაცრი ზომების მიღებას, რასაც რუბიოს მხრიდან მწვავე პასუხი მოჰყვა.
„აქსიოსის" ცნობით, მხარეებს შორის დაძაბული დიალოგი, რომელიც მოკავშირე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების თანდასწრებით გაიმართა, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით არსებული ორმხრივი უნდობლობის გამოხატულება იყო.
გამოცემის ინფორმაციით, კაია კალასმა აშშ იმის გამო გააკრიტიკა, რომ ის რუსეთზე ზეწოლას არ აძლიერებს და გაიხსენა, ერთი წლის წინ ამავე შეხვედრაზე რუბიოს მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც თუ რუსეთი აშშ-ის ომის დასრულებისკენ მიმართულ ძალისხმევას ხელს შეუშლიდა, ვაშინგტონის მოთმინება ამოიწურებოდა და ის მოსკოვის წინააღმდეგ დამატებით ნაბიჯებს გადადგამდა.
„ერთი წელი გავიდა და რუსეთი ადგილიდან არ განძრეულა. როდის ამოიწურება თქვენი მოთმინება?" - წყაროების ინფორმაციით, ამის შესახებ კაია კალასმა მარკო რუბიოს განუცხადა.
წყაროების თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გაღიზიანებული იყო და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს პასუხად განუცხადა: „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა ომი დავასრულოთ. თუ ფიქრობთ, რომ ამის გაკეთება უკეთ შეგიძლიათ, მიდით. ჩვენ გვერდზე გავიწევთ."
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ორივე მხარესთან ცდილობდა მოლაპარაკებას, მაგრამ იარაღით, სადაზვერვო ინფორმაციითა და სხვა სახის მხარდაჭერით მხოლოდ ერთ მხარეს, უკრაინას ეხმარებოდა.
ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ცხარე კამათის შემდეგ შეხვედრაზე მყოფი რამდენიმე ევროპელი მინისტრი საკითხში ჩაერია და განაცხადა, რომ მათ კვლავ სურთ, რომ აშშ-მა რუსეთ-უკრაინის დიპლომატია განახორციელოს.
ორი წყაროს თანახმად, შეხვედრის დასასრულს კალასმა და რუბიომ დაძაბულობის შესამსუბუქებლად ცალკე, მოკლე დიალოგი გამართეს.
გამოცემის ცნობით, კალასის პრესმდივანმა საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, მარკო რუბიომ კი „დიდი შვიდეულის" შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას რაიმე დაძაბულობის ან კრიტიკის არსებობა უარყო.
„ეს შეხვედრები ხშირად ამერიკისთვის ჩვენს მიერ შესრულებული როლისთვის მადლიერების გამოხატვას ისახავს მიზნად. იმ შუამავლის როლისთვის, რომელიც ჩვენ შევეცადეთ შეგვესრულებინა რუსეთსა და უკრაინას შორის ამ ომში. იქ არავინ ყვირის, ხმას არავინ უწევს და არც რაიმე ნეგატიურს ამბობს," - აღნიშნა რუბიომ.
ავტორ(ებ)ი :