30.03.2026 17:49
ესპანეთმა საჰაერო სივრცე ჩაუკეტა აშშ-ის იმ თვითმფრინავებს, რომლებიც ირანზე თავდასხმებში მონაწილეობენ, - განაცხადა ორშაბათს თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა.
„ჩვენ არ ვაძლევთ ნებართვას არც სამხედრო ბაზების და არც საჰაერო სივრცის გამოყენებაზე ირანის ომთან დაკავშირებული ქმედებებისთვის" - განუცხადა მან ჟურნალისტებს მადრიდში.
ესპანური გაზეთი El Pais-ი აღნიშნავს, რომ საჰაერო სივრცის ჩაკეტვა აიძულებს სამხედრო თვითმფრინავებს გვერდი აუარონ ნატოს წევრ ესპანეთს ახლო აღმოსავლეთში თავიანთი სამიზნეებისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა ეს არ მოიცავს საგანგებო სიტუაციებს.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმების ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი ოპონენტია და ამ ქმედებებს უგუნური და უკანონო უწოდა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მადრიდს ვაჭრობის შეწყვეტით დაემუქრა იმის გამო, რომ მადრიდმა ვაშინგტონს თავისი ბაზების გამოყენების უფლება არ მისცა.
ავტორ(ებ)ი :