05.04.2026 12:56
ირანთან გაჭიანურებულმა ომმა შესაძლოა, შეამციროს აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ესოშიეითიდ პრესთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა არის საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტი, განსაკუთრებით „პეტრიოტის", რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთის ბალისტიკური რაკეტებისგან თავის დასაცავად.
„უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ეტაპზე ჩვენ აღარ ვართ პრიორიტეტი.მეშინია, რომ გაჭიანურებული ომი მხარდაჭერის შემცირებას გამოიწვევს" - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ეს სისტემები საკმარისი რაოდენობით არასდროს მიწოდებულა და თუ ირანის ომი მალე არ დასრულდება, „ვფიქრობ, რომ პაკეტი - რომელიც ჩვენთვის არც ისე დიდია - დღითიდღე უფრო და უფრო პატარა გახდება",
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვეშინია", - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერისა, არსებული რესურსები მაინც შეზღუდულია და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საკმარისი არ არის. ზელენსკის თქმით, რუსეთი ახლო აღმოსავლეთის ომიდან ეკონომიკურ სარგებელს იღებს. „რუსეთი ამის გამო დამატებით ფულს იღებს, ასე რომ, დიახ, მათ სარგებელი აქვთ", - აღნიშნა ზელენსკიმ.
ავტორ(ებ)ი :