ისრაელის ოპოზიციის ლიდერი: „ყველა შესაძლო სცენარიდან ნეთანიაჰუმ ყველაზე უარესი შედეგი დადო 08.04.2026 20:20

 

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მკაცრი კრიტიკისას, ისრაელის ოპოზიციის ლიდერმა, იაირ ლაპიდმა ირანთან ომს უწოდა „დიპლომატიური კატასტროფა იმ მასშტაბის, რომელიც მანამდე არ მახსენდება". ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

„რამდენიმე საათში, ერთ დღეში, ორ დღეში, ან როდესაც იგრძნობს, რომ ბუნკერიდან გამოსვლა შეუძლია, ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის სახელმწიფოს წინაშე წარდგება და შეეცდება მოგყიდოთ იდეა, თითქოს ირანის კამპანია წარმატებული იყო. ეს იქნება სრული სიცრუე. არმიამ საოცარი სამუშაო გასწია; მსოფლიოს საუკეთესო სამხედრო-საჰაერო ძალებმა შეასრულეს ყველაფერი, რაც მათ სთხოვეს და იმაზე მეტიც", - აცხადებს ის.

„ნეთანიაჰუმ სტრატეგიულ კრახამდე მიგვიყვანა. არანაკლებ. ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, იყო ქედმაღლობის, უპასუხისმგებლობის, დაუგეგმავობისა და დაუდევარი საშტაბო მუშაობის სამარცხვინო ნაზავი; ზურგის ფრონტის ნულოვანი მართვა და ამერიკელებისთვის მიყიდული ტყუილები, რამაც ჩვენს ორ ქვეყანას შორის ნდობა შელახა", - აღნიშნავს ლაპიდი.

„ყველა შესაძლო სცენარიდან ნეთანიაჰუმ ყველაზე უარესი შედეგი დადო: ირანის რეჟიმი არ დამარცხებულა, ბირთვული საფრთხე არ მოხსნილა, ხოლო ბალისტიკური რაკეტები და „ჰეზბოლას" ჭურვები ისევ ისრაელის ყოველი სახლისკენ არის დამიზნებული", - განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა.

„პრემიერ-მინისტრმა მოატყუა ისრაელის მოქალაქეები, მოატყუა თავისი პარტნიორები და თეატრალიზებული პრესკონფერენციების სერიით საზოგადოებას მიჰყიდა სტრატეგიული გეგმა, რომელიც საერთოდ არ არსებობდა. ის, რაც მოხდა, არის შემდეგი: ნეთანიაჰუ ომში იდეალურ პირობებში ჩაება, თუმცა სრულიად არ ჰქონდა წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ დაესრულებინა იგი. ბრძოლის ველზე ჩვენ გავიმარჯვეთ; დიპლომატიურ ფრონტზე კი ეს სრული მარცხია. მეფე პიროსის სიტყვებით რომ ვთქვათ: კიდევ ერთი ასეთი გამარჯვება და დავიღუპებით", - დასძინა მან.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ