11.04.2026 21:04
პოლიტიკური ტემპერატურა პიკს აღწევს ცენტრალურ ევროპაში. უნგრეთი გადამწყვეტი არჩევნებისთვის ემზადება. 13 საათში, ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნება. ვინ იქნება შემდეგი პრემიერი - ვიქტორ ორბანი, თუ ოპოზიციონერი პეტერ მაგიარი? - გადაწყვეტილება უნგრელმა ხალხმა უნდა მიიღოს.
მოახლოებულ არჩევნებზე საუბრობს ევროპარლამენტის დეპუტატი, ვიქტორ ორბანის გუნდის წევრი, ანდრაშ ლასლო და აცხადებს, რომ
ჩარევა, რომელსაც ისინი წინასაარჩევნოდ ხედავენ, მასშტაბურია.
ანდრაშ ლასლოს განცხადებით, ისევე, როგორც საქართველოში 2024 წელს, დღეს უნგრეთში დასავლური მეინსტრიმი ცდილობს ისეთი სურათის შექმნას თითქოს ორბანის გუნდი აგებს, რაც მისივე თქმით, სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება:
"ჩვენ ძალიან კონკურენტულ არჩევნებს ველოდებით, მთელი ევროპა აკვირდება ახლა აქ მიმდინარე მოვლენებს. უნგრეთის მთავრობა არის ამ კონტინენტზე ყველაზე კონსერვატიული ძალა, რაც ბრიუსელში არ მოსწონთ. მათ უნგრეთში სჭირდებათ მთავრობა, რომელიც მათ ყველა იდეას - მათ შორის უკრაინის ომის დაფინანსებას, გენდერულ იდეოლოგიას, მიგრანტებს დაუჭერს მხარს. ჩვენ ამ ყველაფერს წინააღმდეგობას ვუწევთ. სწორედ ამიტომ, ახლა ევრობიუროკრატია მხარს უჭერს ჩვენს ოპონენტს, რომელიც თანახმაა ეს ყველაფერი უსიტყვოდ შეასრულოს. უნგრელი ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს, ისინი ხედავენ რომ ჩვენ ჩვენს პირობებს ვასრულებთ - არ ვუშვებთ სამხედროებს უკრაინაში, არ ვუშვებთ ამ ქვეყანაში მიგრანტებს და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ვაყენებთ წინა პლანზე.
ჩარევა, რომელსაც აქ წინასაარჩევნოდ ვხედავთ არის მასშტაბური, წლების განმავლობაში ბრიუსელი ბუდაპეშტს დახმარებებს უყინავდა, ამით ცდილობდა მოსახლეობის მთავრობის წინააღმდეგ განწყობას. ფინანსურ ნაწილს, რომ თავი დავანებოთ, მათ აუკრძალეს ჩვენს სტუდენტებს, შესაძლებლობა, მიეღოთ მონაწილეობა ერასმუს პლუსის გაცვლით პროგრამებში. ბიუროკრატიამ აქ მილიონობით ევრო გადმოამისამართა, არასამთავრობოების, რადიკალური მედიის დასაფინანსებლად. ბოლოს კი ზელენსკის ხელით ენერგორესურსებზე თავდასხმით, უნგრეთში პანიკის გამოწვევა სცადეს. მიუხედავად ამ ყველაფრისა ჩვენ გვაქვს კვლევები, გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები რომ ამ არჩევნებში ჩვენ გავიმარჯვებთ. ისევე, როგორც საქართველოში 2024 წელს, დღეს აქ დასავლური მეინსტრიმი ცდილობს ისეთი სურათის შექმნას თითქოს ორბანის გუნდი აგებს, რაც სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება,"- აცხადებს ლასლო.
არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის - ასე ხედავს სასწორის ორ მხარეს მოქმედი პრემიერ-მინისტრი, რომელიც გარე ჩარევებზე და იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც შესაძლოა ქვეყანაში მისი დამარცხების შემთხვევაში განვითარდეს. საპარლამენტო არჩევნებისთვის ბუდაპეშტში იმყოფებიან ქართველი დეპუტატები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდებიან.
ავტორ(ებ)ი :