17.04.2026 14:47
ძალიან გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ ყველა კონფლიქტის ან, სულ მცირე, მსოფლიო არეულობების მთავარი წყარო არის გაერო-ს უშიშროების საბჭო, - ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა.
ყაზახეთის პრეზიდენტის თქმით, საშუალო და მცირე ზომის ქვეყნები დიდ ქვეყნებზე უფრო პასუხისმგებლობით მოქმედებენ.
„ძალიან გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ ყველა კონფლიქტის ან, სულ მცირე, მსოფლიო არეულობების მთავარი წყარო არის გაერო-ს უშიშროების საბჭო. რეგიონული ძალები ან საშუალო ზომის ქვეყნები და, თუნდაც, მცირე ზომის ქვეყნები, უფრო მეტად პასუხისმგებლობით მოქმედებენ საერთაშორისო არენაზე. თურქეთმა, ისევე როგორც ყაზახეთმა და ამ აუდიტორიაში წარმოდგენილმა ქვეყნებმა, უნდა დაამტკიცონ, რომ ჩვენ ძალიან პასუხისმგებლობით ვმოქმედებთ საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა თოყაევმა.
ყაზახეთის პრეზიდენტის მტკიცებით, გაერო მსოფლიოს პრობლემების გადაწყვეტაში არ მონაწილეობს.
„ყველა მთავარი საუბარი გაერო-ს პლატფორმების და სხვა მთავარი საერთაშორისო ორგანიზაციების მიღმა მიმდინარეობს. ხალხი იკრიბება გარკვეულ დედაქალაქებში, საკონფერენციო დარბაზებში, მაგრამ არა გაერო-ში. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ კონფლიქტების შუამავლობაში გაერო-ს უმაღლესი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ეს უზარმაზარი პრობლემაა. ეს გაერო-ს მარგინალიზაციაა. ახლა ყველა ამბობს, ვინ იქნება გაერო-ს შემდეგი გენერალური მდივანი. მე ვფიქრობ, ეს არცთუ ისე მნიშვნელოვანია. ყველაზე მნიშვნელოვანია, გადარჩება თუ არა მთელი სისტემა, როგორიც ახლა არის. გაერო-ს უშიშროების საბჭო მთავარი საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტის დამაბრკოლებელია. ამ პრობლემას შეეხო პრეზიდენტი ტრამპი გასული წლის სექტემბერში გენერალურ ასამბლეაზე და მე მას ვეთანხმები. გაერო-ში მშვიდობის დამყარების მთელი პროცესია მოშლილი", - აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
ავტორ(ებ)ი :