17.04.2026 21:14
„შუა დერეფნის" მარშრუტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. მეორე მიმართულებაა „ტრამპის მარშრუტის" პროექტი, რომელიც ვაშინგტონის სამიტის შემდეგ სომხეთთან და შეერთებულ შტატებთან ერთად შემუშავდა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა განაცხადა.
ჰაჯიევის თქმით, „ტრამპის მარშრუტის" პროექტი ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის ახალ სტრატეგიულ კავშირს შექმნის.
„ზოგადად, ჩვენ მას „ოთხი ზღვის კონცეფციად" ვაფასებთ. ის კასპიის, შავ ზღვას, ხმელთაშუა და ადრიატიკის ზღვას შორის ურთიერთობების დამყარებას ითვალისწინებს. ამ ჩარჩოებში რეგიონული თანამშრომლობა, პარტნიორობა კიდევ უფრო ფართოვდება, პროცესში მონაწილეობს სომხეთიც, როგორც სატრანზიტო ქვეყანა. აზერბაიჯანის ნაწილი ამ პროექტში თითქმის დასრულებულია და დარჩენილი სამუშაოების დასრულება 2026 წლის ბოლოსთვის იგეგმება. ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობა ნახიჩევანის მიმართულებით გრძელდება, ხოლო სომხეთი და შეერთებული შტატები გარკვეულ სეგმენტზე ორმხრივად მუშაობენ. ამ ყველაფრის ფონზე, სამხრეთ კავკასია მომავალში გახდება რეგიონი, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს გლობალური მიწოდების ჯაჭვებსა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში. ადრე ასეთ ფორუმებზე ძირითადად კონფლიქტებსა და ომებს განიხილავდნენ, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა. რამდენიმე წლის წინ რეგიონი გაყოფილი იყო, ხასიათდებოდა შეხების ხაზებითა და ომებით. ახლა ნამდვილი მშვიდობაა და ეს მშვიდობა კიდევ უფრო უნდა განმტკიცდეს", - განაცხადა ჰიქმეთ ჰაჯიევმა ანტალიაში ფორუმზე.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის პროცესი ფართოვდება.
ავტორ(ებ)ი :