24.04.2026 01:23
მე ირანს დრო მივეცი, მინდა, რომ საუკეთესო გარიგება დავდო. ჩვენ უზარმაზარი წარმატება გვაქვს. მათ 20 წელი დასჭირდებოდათ ატომური ენერგიის აღსადგენად, მაგრამ მე არ მინდა ამის გაკეთება. მინდა, რომ შეთანხმება მარადიული იყოს. მინდა, რომ ეს იყოს ისეთი, რასაც ისინი ვერასდროს მიაღწევენ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე არა თეირანის, არამედ მისი პირადი გადაწყვეტილებით არის დახურული, რადგან მას სურს საუკეთესო შეთანხმება დადოს.
„ჰორმუზის სრუტე ახლა ჩვენ გვაქვს დახურული. ჩვენ გვაქვს სრული კონტროლი სრუტეზე. ირანელები მოვიდნენ ჩვენთან და თქვეს, რომ დაეთანხმებოდნენ სრუტის გახსნას და ჩემი ყველა თანამშრომელი ბედნიერი იყო, ყველა ბედნიერი იყო ჩემს გარდა. მე ვუთხარი, მოიცადეთ ერთი წუთით. თუ ჩვენ გავხსნით სრუტეს, ეს ნიშნავს, რომ ისინი დღეში ხუთას მილიონ დოლარს გამოიმუშავებენ. არ მინდა, რომ მათ დღეში ხუთასი მილიონი დოლარი გამოიმუშაონ, ვიდრე ამ საკითხს არ მოაგვარებენ. ასე რომ, მე ვიყავი ის, ვინც ის სრუტე ხელახლა დახურა",- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, მისი მიზანია, მსოფლიოს ბირთვული საფრთხე აარიდოს. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ირანის რაკეტებს შტატებამდე მიღწევა არ შეუძლიათ, თუმცა მათ ბირთვული იარაღით არაერთი ქვეყნის განადგურების შესაძლებლობა შეიძლება, ჰქონდეთ.
ტრამპმა ირანის პოტენციურს სამიზნედ ისრაელისა და ევროპის ქვეყნების მაგალითი მოიყვანა.
„ვფიქრობ, არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე ბირთვული იარაღი, რომელიც თქვენს ერთ, ორ ან სამ ქალაქს გაანადგურებს. ვფიქრობ, არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე ბირთვული იარაღი, რომელიც გაანადგურებს ახლო აღმოსავლეთს, მათ შორის ისრაელს. ვფიქრობ, არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე ევროპაზე თავდასხმა. იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც ახლა აქვთ რაკეტები, რომლებიც ევროპას აღწევენ, როგორც იცით, ისინი ჩვენამდე ვერ აღწევენ, მაგრამ ევროპას აღწევენ. მაგრამ ისინი ჩვენამდე მოვლენ, ალბათ, არც ისე შორეულ მომავალში, თუ ახლავე არ შევაჩერებთ მათ. ვფიქრობ, არაფერი იქნება იმაზე უარესი, ვიდრე ბირთვული ჰოლოკოსტი ევროპაში, ლონდონში, პარიზში, გერმანიის სხვადასხვა ადგილას, ყველა სამიზნედ იქნება მიჩნეული",- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ავტორ(ებ)ი :