27.04.2026 10:28
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის მიღებაზე მომხდარი სროლის შესახებ „სიბიეს ნიუსთან" ისაუბრა.
დონალდ ტრამპის თქმით, თავდამსხმელი „ავადმყოფი" და „რადიკალიზებული" ადამიანია - ქრისტიანი, რომელიც შემდეგ ანტიქრისტიანულ პოზიციებზე გადავიდა.
„მისი ოჯახი ძალიან შეშფოთებული იყო. ის ალბათ საკმაოდ ავადმყოფი ადამიანი იყო", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
როგორც დონალდ ტრამპმა განმარტა, სროლის დროს ის დაცვას ოდნავ „ხელს უშლიდა", რადგან სიტუაციის დანახვა უნდოდა.
„არ ვნერვიულობდი. ჩვენ გიჟურ სამყაროში ვცხოვრობთ. მინდოდა, მენახა, რა ხდებოდა. მე ვიყავი შესანიშნავი ადამიანებით გარშემორტყმული. ალბათ გარკვეულწილად შევაყოვნე ისინი. ვეუბნებოდი - მოიცადეთ, მოიცადეთ. ნახვა მინდოდა, რა ხდებოდა", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ინციდენტის მიუხედავად, შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ღონისძიება უახლოეს 30 დღეში უნდა განახლდეს.
„შეშლილ ადამიანს არ შეუძლია, ამის გაუქმება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, სროლაში ეჭვმიტანილი პირი 31 წლის კოულ ტომას ალენია. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე მან ოჯახს ელექტრონული ფოსტით მანიფესტი გაუგზავნა, სადაც ტრამპის ადმინისტრაციის წევრები სამიზნეებად დაასახელა.
ავტორ(ებ)ი :