ზელენსკი ისრაელს მოუწოდებს, არ გადადგას ნაბიჯები, რომლებიც ორმხრივ ურთიერთობებს შეასუსტებს - „რუსეთიდან მოპარული უკრაინული მარცვლეულის შეძენა პასუხისმგებლობას იწვევს“ 28.04.2026 15:55

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელს მოუწოდებს, არ გადადგას ნაბიჯები, რომლებიც ორმხრივ ურთიერთობებს შეასუსტებს.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთიდან მოპარული უკრაინული მარცვლეულის შეძენა იურიდიულ პასუხისმგებლობას იწვევს.

ზელენსკის მტკიცებით, რუსეთი სისტემატურად იტაცებს მარცვლეულს დროებით ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიიდან და ორგანიზებას უწევს ასეთი მარცვლეულის გატანას ოკუპანტებთან დაკავშირებული პირების მიერ.

„ყველა ნორმალურ ქვეყანაში მოპარული საქონლის შეძენა არის ქმედება, რომელიც იურიდიულ პასუხისმგებლობას იწვევს. ეს განსაკუთრებით ეხება რუსეთის მიერ მოპარულ მარცვლეულს. ისრაელის პორტში ასეთი მარცვლეულის გადამტანი კიდევ ერთი გემი ჩავიდა და გადმოტვირთვისთვის ემზადება. ეს არ არის და არც შეიძლება, იყოს სუფთა ბიზნესი. ისრაელის ხელისუფლებამ, არ შეიძლება, არ იცოდეს, რომელი გემები და რა ტვირთით შედიან ქვეყნის პორტებში. ასეთი ტრანზაქციები არღვევს თავად ისრაელის სახელმწიფოს კანონებს. უკრაინამ დიპლომატიური არხებით ყველა საჭირო ზომა მიიღო მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ კიდევ ერთი ასეთი გემი არ გაჩერებულა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის მტკიცებით, უკრაინა, სადაზვერვო სამსახურებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ამზადებს სანქციების შესაბამის პაკეტს, რომელიც შეეხება როგორც ამ მარცვლეულის უშუალოდ ტრანსპორტირებას, ასევე იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ცდილობენ ამ დანაშაულებრივი სქემიდან მოგების მიღებას.

შეგახსენებთ, რომ 27 აპრილს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისრაელის ქალაქ ჰაიფას პორტში შევიდა გემი, რომელიც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოპარული მარცვლეულით იყო დატვირთული. ამასთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო უწყებაში ისრაელის ელჩი დაიბარეს.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, გიდეონ საარის განცხადებით, ბრალდება არ წარმოადგენს მტკიცებულებას და ისრაელს არ წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები.

უკრაინული მედიის ცნობით, ევროკავშირი განიხილავს სანქციების დაწესებას ისრაელის იმ ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც რუსეთს დაეხმარნენ მოპარული უკრაინული მარცვლეულით უკანონო ვაჭრობაში.

უკრაინის საზღვაო მოძრაობის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, საქმე ეხება პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემს, „პანორმიტისს", რომელიც ჰაიფას მახლობლად მდებარე წყლებში შევიდა. სავარაუდოდ, „პანორმიტისს" 6 200 ტონაზე მეტი ხორბალი და 19 000 ტონა ქერი გადააქვს.

უკრაინელი საგამოძიებო ჟურნალისტის, კატერინა იარესკოს თქმით, რომელმაც პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, „პანორმიტისი" მარცვლეულით დატვირთეს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან სხვა გემებიდან გადაზიდვის გზით. გემი ჰაიფას პორტისგენ გაემგზავრა რუსეთის კრასნოდარის მხარის „კავკაზის" პორტიდან.

კიევი მოპარულად მიიჩნევს დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპორჟიეში წარმოებულ ყველა მარცვლეულს, რომლებსაც რუსეთი 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ საკუთარ რეგიონებად მიიჩნევს, ასევე ყირიმში, რომლის ანექსია რუსეთმა 2014 წელს გამოაცხადა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ