შვიდწლიანი პაუზის შემდეგ აშშ-სა და ვენესუელას შორის კომერციული ფრენები განახლდა, პირველი რეისი American Airlines-მა მაიამიდან კარაკასის მიმართულებით შეასრულა 01.05.2026 01:07

შვიდი წლის შემდეგ პირველად, აშშ-სა ვენესუელას შორის კომერციული ფრენები განახლდა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი" ავრცელებს.

„სიენენის" ინფორმაციით, American Airlines-ის პირველი რეისი, რომელიც სამ საათამდე გაგრძელდა, მაიამიდან კარაკასში, სიმონ ბოლივარის საერთაშორისო აეროპორტში ჩაფრინდა.

ამერიკული ავიახაზების რეისიები ვენესუელის მიმართულებით ყოველდღიურად შესრულდება. მედიის ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე მგზავრებს შორის უმეტესობას მედიის წარმომადგენლები და ოფიციალური პირები შეადგენდნენ.

როგორც მედია წერს, ავიაკომპანიამ ფრენების განახლების სურვილი იანვარშივე გამოთქვა, იმავე დღეს, როდესაც დონალდ ტრამპმა ტრანსპორტის დეპარტამენტს ვენესუელაში საჰაერო მიმოსვლის აღდგენისთვის ნაბიჯების გადადგმა დაავალა.

„სინენის" ცნობით, ვენესუელაში გამგზავრების საფასური თარიღისა და ბილეთის ტიპის მიხედვით იცვლება, თუმცა ორმხრივი ბილეთის ფასი დაახლოებით 1 000 დოლარს შეადგენს.

ამასთან, მარტის ბოლოს აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მალე აშშ-ის საელჩო კარაკასში ფუნქციონირებას განაახლებს.

ცნობისთვის, სამი იანვრის ღამეს, დონალდ ტრამპის ბრძანებით, აშშ-ის „დელტა ფორსმა" ვენესუელაში სპეციალური ოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე დააკავეს. მას შემდეგ ვენესუელას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დელსი როდრიგესი მართავს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ