რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთის გარეშე ევროპული არქიტექტურა არასრულია, ევროკავშირს უფრო მეტად სჭირდება თურქეთი, ვიდრე თურქეთს კავშირი 09.05.2026 15:30

თურქეთის გარეშე ევროპული არქიტექტურა არასრულია, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

 

მისი თქმით, აშკარაა, რომ ევროპული არქიტექტურა, რომელშიც თურქეთი სათანადო ადგილს არ დაიკავებს, არასრული იქნება და კრიზისების მართვაში სუსტ წერტილებს გამოავლენს.

 

„ევროკავშირს თურქეთი უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე თურქეთს სჭირდება კავშირი, ეს მოთხოვნილება მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

 

ევროპის დღისადმი გავრცელებულ მიმართვაში ერდოღანმა განაცხადა, რომ ეს დღე სიმბოლურად გამოხატავს არა მხოლოდ ევროკავშირს, არამედ კონტინენტზე მშვიდობას, თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული საერთო მომავლის მშენებლობის მიზანსაც.

 

ერდოღანმა ევროკავშირს მოუწოდა, განავითაროს ურთიერთობები ანკარასთან სრულუფლებიანი წევრობის პერსპექტივით.

 

თურქეთის ლიდერის თქმით, ევროკავშირის პრინციპები, რომლებზე დაყრდნობითაც კავშირი შეიქმნა, დღეს მრავალი კრიზისით, მათ შორის ომებით, პოლიტიკური გამოწვევებითა და ეკონომიკური სირთულეებით გამოცდას გადის, რაც, ერდოღანის შეფასებით, ევროკავშრს უფრო ინკლუზიური და გამაერთიანებელი პოლიტიკის გატარებას ავალდებულებს.

 

„თურქეთი, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ამ პროცესის მნიშვნელოვანი და შეუცვლელი ნაწილი რჩება", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

 

როგორც ერდოღანმა განაცხადა, თურქეთი აპირებს, განავითაროს ურთიერთობები ევროკავშირთან სრულუფლებიანი წევრობის, ვალდებულებების შესრულებისა და ორმხრივად სასარგებლო მიდგომის საფუძველზე და ანკარა ევროკავშირისგანაც იმავე გულწრფელ ნებას ელოდება.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ