12.05.2026 13:28
საკრუიზო გემიდან, სადაც ჰანტავირუსი გავრცელდა, 28 მგზავრი თვითმფრინავით ნიდერლანდებში გადაიყვანეს.
ორი სპეციალური რეისი ეინდჰოვენის აეროპორტში დაეშვა.
ამასთან, ნიდერლანდების ერთ-ერთმა კლინიკამ 12 თანამშრომელი ექვსი კვირით კარანტინში მოათავსა, რადგან პერსონალმა პაციენტის ანალიზები სათანადო დაცვის გარეშე დაამუშავა. კლინიკაში აცხადებენ, რომ ინფიცირების რისკი მინიმალურია.
როგორც ცნობილია, საკრუიზო გემზე ჰანტავირუსით სულ სამი ადამიანი დაიღუპა - ორი ნიდერლანდელი და ერთი გერმანელი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჰანტავირუსით ინფიცირების შვიდი დადასტურებული შემთხვევის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
ამასთან, როგორც მედია წერს, ინფიცირებულია საფრანგეთის ერთი მოქალაქე, რომელიც საკრუიზო გემზე იმყოფებოდა. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ცნობით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მედია ასევე იტყობინება, რომ ჰანტავირუსი დაუდასტურდა მადრიდში კარანტინში მყოფი ესპანელთაგან ერთ-ერთს, თუმცა დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ის ერთ-ერთია 14 ესპანელს შორის, რომელთა გემიდან ევაკუაციაც რამდენიმე დღის წინ განხორციელდა.
საკრუიზო გემი ჯერ კიდევ ზღვაშია და 17 მაისს მიაღწევს ნიდერლანდებს.
ავტორ(ებ)ი :