12.05.2026 17:39
ვაშინგტონის ანალიტიკური ცენტრის, ატლანტიკური საბჭოს ახალ პუბლიკაციაში ავტორები აცხადებენ, რომ აშშ-ს ახლა აქვს უნიკალური შესაძლებლობა აზერბაიჯანთან ფართო პოლიტიკური შეთანხმების გასაფორმებლად, რაც შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისთვის.
სტატიის მიხედვით, ე.წ. დიდი შეთანხმების იდეა გულისხმობს აშშ-ის მიერ აზერბაიჯანისთვის დაწესებული საკანონმდებლო შეზღუდვის მოხსნას, რომელიც კრძალავს ამერიკის მიერ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვას ან სამხედრო დახმარებას. სანაცვლოდ კი ბაქო უნდა დათანხმდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
„ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესთან ერთად უნდა გადაჭრას ბაქოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. კერძოდ, სექცია 907-ის გაუქმება, რომელიც აშშ-ს უკრძალავს აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვას. კონგრესმა ეს შეზღუდვა 1992 წელს მიიღო, როგორც პასუხი აზერბაიჯანის ქმედებებზე ყარაბაღში მცხოვრები სომხების მიმართ და სომხეთის ბლოკადაზე. 2001 წელს სენატმა დაამტკიცა შესწორება, რომელიც პრეზიდენტს აძლევს უფლებას, დროებით მოხსნას შეზღუდვა. მას შემდეგ თითქმის ყოველ წელს აშშ-ის პრეზიდენტები ამ შეზღუდვას დროებით აუქმებენ. ეს ნიშნავს, რომ დოკუმენტი პრაქტიკულად ნაკლებად მოქმედებს აშშ-ის პოლიტიკაში, თუმცა მას მაღალი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ხელისუფლებისთვის, რომელიც მას ვაშინგტონთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის ბარიერად მიიჩნევს", - ნათქვამია პუბლიკაციაში.
ავტორები აღნიშნავენ, რომ ასეთი ნაბიჯი შეიძლება იყოს ორმხრივად მომგებიანი. აშშ მიიღებს ჰუმანიტარულ და დიპლომატიურ შედეგს, ანუ იმ პირების გათავისუფლებას, რომლებიც უსამართლოდ არიან დაკავებულნი, მათ შორის ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები. აზერბაიჯანი კი მიიღებს უფრო მყარ და ინსტიტუციურ ურთიერთობას ვაშინგტონთან, რაც მას რეგიონში პოზიციების გაძლიერებაში დაეხმარება.
სტატიაში ასევე ხაზგასმულია, რომ ეს პროცესი, შეიძლება, დადებითად აისახოს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. აშშ-ის უფრო აქტიური ჩართულობა, ავტორების აზრით, ხელს შეუწყობს მხარეებს შორის ნდობის ზრდას და საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას.
„ნებისმიერი შეთანხმებისთვის დრო გადამწყვეტია და მომდევნო თვეები უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარას ქმნის. სომხეთში 7 ივნისს საპარლამენტო არჩევნებია და ნიკოლ ფაშინიანს, შესაძლოა, ძლიერი გამოწვევა ელოდებოდეს პრორუსული პარტიების მხრიდან, რომლებიც მის სამშვიდობო პოლიტიკას ეჭვქვეშ აყენებენ. კრემლი აწარმოებს დეზინფორმაციის ფართომასშტაბიან კამპანიას მისი დასუსტების მიზნით.
ბაქოში ზოგიერთი ოფიციალური პირი ფაშინიანს მიიჩნევს საუკეთესო შანსად საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და შესაძლოა, არაოფიციალურად მის მხარდასაჭერადაც იყვნენ განწყობილნი. სწორედ ამიტომ არჩევნებამდე სომეხი პატიმრების გათავისუფლება შეიძლება იყოს გზა ფაშინიანის ოპონენტების დასასუსტებლად და სამშვიდობო პროცესის გასაძლიერებლად", - ნათქვამია პუბლიკაციაში.
ავტორები ასკვნიან, რომ სამხრეთ კავკასია ახლა იმ ეტაპზეა, როცა მცირე დიპლომატიური ნაბიჯებიც კი შეიძლება გადაიზარდოს მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ცვლილებებში და სწორედ ამიტომ აშშ-ისთვის ეს „შეთანხმების ფანჯარა" არ უნდა დაიკარგოს.
„ეს შემოთავაზებული შეთანხმება ყველასთვის სასარგებლოა. ბაქო ერთდროულად ორ სარგებელს იღებს: ინარჩუნებს ნამდვილ პარტნიორს სამშვიდობო მოლაპარაკებებში ფაშინიანის სახით და აგვარებს თავის მთავარ პრობლემას შეერთებული შტატების წინაშე. ტრამპის გუნდი შეძლებს უსამართლოდ დაკავებული პირების გათავისუფლებას და პრეზიდენტის, როგორც მშვიდობისმყოფელის, იმიჯის გაძლიერებას, ფაქტობრივად, ყოველგვარი საფასურის გარეშე. კონგრესში რესპუბლიკელები პრეზიდენტისთვის საგარეო პოლიტიკურ გამარჯვებას მიიღებენ, ხოლო დემოკრატები შეძლებენ, ხაზი გაუსვან თავიანთ როლს ადამიანის უფლებების სფეროში იშვიათი წარმატების მიღწევაში; ორივე მხარე ასევე დააკმაყოფილებს აქტიურ სომხურ დიასპორას ყარაბაღელი სომხების გათავისუფლების უზრუნველყოფით. ერევანი დაიბრუნებს საკუთარ მოქალაქეებს და მიიღებს უფრო სტაბილურ გზას მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ. ამ შეთანხმებას აუცილებლად უნდა ახლდეს ბაქოსთვის მკაფიო გაფრთხილება, რომ მიღებული სარგებელი დამოკიდებული იქნება ძნელად მიღწეული მშვიდობის შენარჩუნებაზე.
აზერბაიჯანმა და სომხეთმა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ურთიერთობების ნორმალიზაციის მიმართულებით, მათ შორის, ბოლო პერიოდში გააძლიერეს ენერგეტიკული თანამშრომლობა და მიაღწიეს შეთანხმებას საზღვრის ერთობლივ დელიმიტაციაზე. შეერთებული შტატების მხრიდან დამატებითი წახალისების შემთხვევაში, ბაქოსა და ერევანს შეუძლიათ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგან საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებისკენ დაკავებულთა გათავისუფლების გზით. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ყველა მხარე თითქმის ყოველგვარი დანახარჯის გარეშე მიიღებს საგარეო პოლიტიკურ გამარჯვებას", - ნათქვამია „ანტალნირკური საბჭოს" პუბლიკაციაში.
ავტორ(ებ)ი :