ცნობილია პირველი ინფიცირებულის ვინაობა, რომელმაც საკრუიზო გემზე ჰანტავირუსის გავრცელება გამოიწვია 12.05.2026 19:43

 

ის, რაც ატლანტის ოკეანეში მცურავი საკრუიზო გემის მგზავრებისთვის დაუვიწყარ თავგადასავლად უნდა ქცეულიყო, მოგზაურობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში კოშმარად იქცა.

გამგზავრებიდან მეხუთე დღეს გაირკვა, რომ ლაინერზე, რომელზეც 150 მგზავრი იმყოფებოდა, ჰანტავირუსის ერთ-ერთი ყველაზე საშიში შტამი დაფიქსირდა.

საკრუიზო ლაინერი MV HONDIUS დღეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. გემზე იშვიათი ვირუსის აფეთქებას უკვე სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ვინ იყო პირველი ინფიცირებული და როგორ მოხდა ეპიდაფეთქება ლაინერზე?

ეს არის ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელზე პასუხიც ყველას აინტერესებს - როგორ მოხვდა ვირუსი ლაინერზე?

ჯანდაცვის ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ „ნულოვანი პაციენტი" ვირუსს გემზე ასვლამდე დაუკავშირდა. სწორედ ამიტომ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებმა მგზავრების მოგზაურობის ისტორიის დეტალური შესწავლა დაიწყეს.

 

 

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 150 მგზავრიდან ორი მათგანი სამხრეთ ამერიკაში ექსპედიციაში იმყოფებოდა. ეს ნიდერლანდელი წყვილი იყო, რომლებიც გემზე პირველები გახდნენ შეუძლოდ.
პირველი მგზავრი, რომელიც კრუიზის დროს გარდაიცვალა, 70 წლის ორნითოლოგი (ფრინველებზე დამკვირვებელი) ლეო სხილპეროორდი იყო.

ის და მისი 69 წლის მეუღლე არგენტინაში, ჩილესა და ურუგვაიში ფრინველებზე დასაკვირვებელ ტურში მონაწილეობდნენ. სპეციალისტების ვარაუდით, წყვილი მღრღნელებისგან მაშინ დაინფიცირდა, როდესაც უშუაიაში, ფრინველებზე დაკვირვების მიზნით, ნაგავსაყრელს ესტუმრნენ.

 

ამ ნაგავსაყრელს ადგილობრივები ჭირივით ერიდებიან, თუმცა ფრინველებზე დამკვირვებლებისთვის ის ერთგვარ სალოცავად არის ქცეული. მიზეზი თეთრყელიანი კარაკარა - ე.წ დარვინის კარაკარა. ეს ფრინველი მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათეს მტაცებელ ფრინველად მიიჩნევა. წყვილი სწორედ ამ იშვიათი ფრინველის სანახავად იმყოფებოდა ნაგავსაყრელზე.

წყვილი კრუიზზე 1 აპრილს უშუაიაში ავიდა, ხოლო ერთ კვირაზე ნაკლებ დროში ლეო სხილპეროორდს სიმპტომები გამოუვლინდა, მათ შორის მაღალი სიცხე, თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი და დიარეა. მისი მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა. ის 11 აპრილს გემზე გარდაიცვალა.

 

 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ